მამუკა მდინარაძე - მტკივნეულია გააზრება, რომ სტიქიის შედეგებთან ბრძოლასთან ერთად, ხელისუფლებას უწევს, ებრძოლოს დეზინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელებში თუ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებში გვაქვს
შოვში მდგომარეობა უმძიმესია, რომელიც არ დატოვებს არავის გულგრილს არც ქვეყანაში და არც ქვეყნის გარეთ, ენით აღუწერელი ტრაგედიაა, გვყავს გარდაცვლილები, რომელთა შორის ზოგიერთის იდენტიფიცირებაც კი ჭირს. მგონია, რომ აქ სიტყვები ზედმეტია. ყველას ვუთანაგრძნობთ, ყველას გულწრფელი სამძიმარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეორე მხრივ, ძალიან მტკივნეულია იმის გააზრება, რომ სტიქიის შედეგებთან ბრძოლასთან ერთად, ხელისუფლებას უწევს, ებრძოლოს დეზინფორმაციას, უწევს, იბრძოლოს იმ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომელიც სოციალურ ქსელებში თუ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებში გვაქვს.
„ყოველდღე ახალ-ახალი კამპანიები იწყება, ხდება სტიქიით და მისი შედეგებით სარგებლობა. სამწუხაროდ, ამის თქმა გვიწევს, შეუძლებელია ამის სხვანაირად შეფასება, სიღრმეებში არ შევდივართ. ხან ხელისუფლებას აბრალებენ კოტეჯებზე ნებართვების გაცემას, რომელიც კომუნისტების დროიდან მოყოლებული, რამდენიმე ათეული წელიწადია, იქ დგას. ხან ვერტმფრენებზეა საუბარი. ვერანაირი ვერტმფრენი იქ სამუშაოს ვერ ჩაატარებდა, როგორი ხედვის კამერითაც არ უნდა ყოფილიყო. რა ამოცანებიც იყო დასახული, მაქსიმალური გაკეთდა. ჩვენი გმირი ბიჭები, მაშველები, პოლიციელები – დღეს უკვე ჯარისკაცები – გუშინდელი დღიდან მოყოლებული ყველა შესაბამისი უახლესი აღჭურვილობით, სპეცტექნიკით არიან შეიარაღებულები და პროფესიონალურ დონეზე მიყვებიან დეტალურად იმ სამუშაოს, რაც, თეორიულადაც კი, ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს.
გარდა ამისა, დღეს, მთელი დღის განმავლობაში უკვე ახალ კამპანიას ვადევნებთ თვალყურს, თითქოს რაღაც დაფიქსირდა წინა დღეებში, ამაზე ხელისუფლებამ რეაგირება არ მოახდინა. ესეც ცალსახა დეზინფორმაციაა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც გვიწევს. ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, გავერკვიეთ ისეთ დეტალებში, რომელშიც, ბუნებრივია, ადრე პირადად მე არ ვიყავი გარკვეული. ორი დღეა, კომუნიკაცია გვაქვს ჰიდროლოგებთან, გეოლოგებთან და ბევრი რაღაც ჩვენთვის რომ სიახლეა, კომპეტენცია არ გაგვაჩნდა, ასეთ დეტალებში ჩავედით. მაგალითად, არსებობს ქვეყანაში ორასამდე სადგური, წყლის მონიტორინგის ერთიანი სისტემის ფარგლებში, საიდანაც გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, დღეს უკვე გვეუბნებიან, რომ წყალმზომებმა ვერ დააფიქსირეს წინა დღეებში ვერანაირი წყლის დონის მატება ან კლება. ხან იძახიან, რომ შეგუბება, დაგუბება იყო, ხან იძახიან, რომ წყლის დონე მატულობდა, ესეც დეზინფორმაციაა, არც ერთი და არც მეორე შესაბამის მონიტორინგის სისტემას არ დაუფიქსირებია. უამრავი ასეთი დეზინფორმაციაა, რომელსაც აქვს კამპანიური ხასიათი. ბუნებრივია, ყველა მათგანს გაეცემა პასუხი, მაგრამ დღეს, როდესაც ასეთი ტრაგედია ტრიალებს, როდესაც ამ ტრაგედიას და სტიქიის შედეგებს ებრძვის სახელმწიფო, პარალელურ რეჟიმში არ უნდა გვჭირდებოდეს ამ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, არ უნდა გვჭირდებოდეს ამ თემებზე საუბარი“, – განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყველას გულწრფელად და ადამიანურად სთხოვს, ამ დღეებში თავი შეიკავონ.
„გავიდეს სამი-ოთხი დღე და რაც უნდა ის დაგვაბრალონ, რაც უნდა ის ილაპარაკონ და ყველაფერს გაეცემა ადეკვატური პასუხი. როდესაც უბედურების კვალდაკვალ და პარალელურად ის ხდება, რასაც ვადევნებთ მათი მხრიდან თვალყურს, წარმოუდგენელია. გაჩერდნენ, ნუ გადარევენ იმ ხალხს, დაზარალებულები არიან, ჭირისუფლები, ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ იმედით ელოდებიან ოჯახის წევრების გამოჩენას. ამის პარალელურად ხომ არ შეიძლება, გავაოგნოთ, დავზაფროთ ეს ხალხი და რაღაც საშინელებები ვილაპარაკოთ. დავაბრალოთ სახელმწიფოს და კონკრეტულ სტრუქტურებს ისეთი რაღაც, რის საწინააღმდეგოსაც აკეთებენ, ანუ პოზიტიურ კონტექსტში. თუკი რაიმე შეიძლება, დღეს გაკეთდეს, ყველა რესურსი მობილიზებულია, თუკი რაიმე შეუძლიათ მაშველებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყველაფერი კეთდება შესაბამისი აღჭურვილობით, სპეცტექნიკით და მადლობის მეტი ამ ადამიანების მიმართ არაფერი გვეთქმის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.