მამუკა მდინარაძე - მთავარია, მართლები ვიყოთ საკუთარი სამშობლოს და მისი ღირსეული მომავლის წინაშე, გელოდებით ყველას 29 აპრილს
ვინმე თუ წარმოიდგენდა წლების წინ, რომ ადამიანი, რომელიც ორ კანონს, გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ საპარლამენტო განხილვაზე გამოიტანდა, წარადგენდა, ვინმეს განსაკუთრებული, კოორდინირებული თავდასხმების ობიექტი გახდებოდა? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მდინარაძის თქმით, მთავარია ადამიანი მართალი იყოს საკუთარი სამშობლოს და მისი ღირსეული მომავლის წინაშე.
„„ფეიკებით“, კონტექსტის დამახინჯებით, დეზინფორმაციით და ყველა ამორალური გზით ცდილობენ გავლენის მოხდენას, რომელმაც ჩემზე იმოქმედოს, ეს კი შეუძლებელია, მაგრამ დეზინფორმაციის მთელი სისტემა რომ მუშაობს, ხომ ფაქტია?! ან ასეთი კანონების დაინიცირებისთვის, სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო? რა სანქცია, ჩვენი წინაპრები თავს წირავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. როგორც ჩანს, აქამდეც მივედით და ამით კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, დამოუკიდებლობა, ჭეშმარიტი ევროპული გზა და დემოკრატია, ოჯახური ღირებულებები, ქართული იდენტობა და ტრადიციები, ადამიანის უფლებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ, სუვერენიტეტის განმტკიცების, დეოკუპაციის, ქვეყნის განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის გზაზე. ჩვენთვის მარტივად არაფერი ხდება, მაგრამ მაინც ყოველთვის გამარჯვებულები გამოვალთ, მთავარია, მართლები ვიყოთ საკუთარი სამშობლოს და მისი ღირსეული მომავლის წინაშე. გელოდებით ყველას 29 აპრილს“, – წერს მდინარაძე.