მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს - თქვენ ირაკლი კობახიძეს მიაყენეთ უბინძურესი შეურაცხყოფა, ასე ადამიანს არანაირი ფორმით არ უნდა ელაპარაკო
თქვენ ამით მიაყენეთ უბინძურესი შეურაცხყოფა, ასე ადამიანს არც კითხვის და არანაირი ფორმით არ უნდა დაელაპარაკო, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, რომელმაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, არის თუ არა ის „კაგებეს“ აგენტის შვილი.
როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, „მთავარ არხს“ საერთოდ არ შეუმჩნევია რუსეთიდან ათი ათასობით დოლარით ყოველთვიურად დაფინანსებაში მხილებული ელენე ხოშტარია.
„თქვენ ამით მიაყენეთ უმძიმესი, უბინძურესი შეურაცხყოფა. ასე ადამიანს არც კითხვის და არანაირი ფორმით არ უნდა დაელაპარაკო. როდესაც ამას ეკითხებით, ეს არის უბინძურესი შეურაცხყოფა. აგენტებზე თუ გაინტერესებთ, საერთოდ არ შეგიმჩნევიათ რუსეთიდან ათი ათასობით დოლარის ყოველთვიურად დაფინანსებაში მხილებული ხოშტარია. ვინაიდან თქვენ სინამდვილეში ვითომ დეკლარირებთ პროდასავლურად და საბოლოო ჯამში, რუსულ საქმეს აკეთებთ. შედეგებიდან ასე გამომდინარეობს, თქვენ ბრძანდებით ჩემი აზრით, კრემლის სასარგებლო იდიოტები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.