მამუკა მდინარაძე - მსოფლიოში მიმდინარეობს ღირებულებების ომი და დარწმუნებული ვართ, ამ ბრძოლაში ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ღირებულებების მხარეს
მსოფლიოში მიმდინარეობს ღირებულებების ომი და დარწმუნებული ვართ, ამ ბრძოლაში ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ღირებულებების მხარეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ღირებულებებზე, ტრადიციებზე საუბარი და რამდენად პასუხობდა გამოწვევებს.
მამუკა მდინარაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არ არის არც პირველი და არც ბოლო, ვინც ამ თემებზე და გამოწვევებზე ილაპარაკებს.
„თანამედროვე სამყაროში თუკი რამე გამოწვევა არსებობს, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რაზეც გუშინ საქართველოს პრემიერმა ილაპარაკა. ამას აღიარებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ცივილიზებულ სამყაროში ძალიან ბევრი ადამიანი, პოლიტიკური ჯგუფი. ამ გამოწვევაზე ბევრი ადამიანი, პოლიტიკოსი, წარმატებული ადამიანი საუბრობს. ირაკლი ღარიბაშვილი არ არის არც პირველი და არც ბოლო, ვინც ამ თემაზე ილაპარაკებს, რადგან ეს არის უსერიოზულესი პრობლემა – ღირებულებების ომი მიმდინარეობს მსოფლიოში. ჩვენი მხრივ, ქართული გამოწვევაა, სად აღმოვჩნდებით ამ ღირებულებების ბრძოლაში.
დარწმუნებული ვართ, ამ ბრძოლაში, ღირებულებების ომში ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ღირებულებების მხარეს და არა – სხვა მხარეს, სადაც სხვადასხვა მიმართულებით არაჯანსაღი პროპაგანდა მიმდინარეობს, რაშიც ძალიან ხშირად ურევენ, მაგალითად, ადამიანის უფლებების დაცვას. გუშინ საქართველოში მთელმა „ნაცმოძრაობის“ კლასტერმა – პოლიტიკოსიდან მედიის ჩათვლით, პირველ მიზნად დაისახეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ნალაპარაკევი საზოგადოებას არ გაეგო. მათმა მაყურებელმა ამ წუთამდე არ იცის, რა ილაპარაკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. უბრალოდ, დაუმალეს და იციან მხოლოდ შეფასებები, თითქოს ეს იყო რუსული, ჰომოფობიური და ასე შემდეგ. ვერცერთ სიტყვას და ფრაზას ვერ მოიტანს, მათ შორის, ვერცერთი ამ ტელევიზიების ჟურნალისტები, რა იყო ჰომოფობიური, რუსული. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ღირებულებების ომში ქართულ ტელევიზიებში და ქართველ პოლიტიკოსებში მოიძებნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეროვნულს, ტრადიციულს, ფასეულს, ქართულს დაარქვან რუსული და არაჯანსაღ პროპაგანდას და მის სხვადასხვა მიმართულებას დაარქვან ევროპული. სწორედ ეს არის ანტიევროპული. საუბარი როდესაც არის ქრისტიანულ ცივილიზაციაზე და ევროპულ დიდ ოჯახზე, საქართველოს ბუნებრივ ადგილზე, მაშინ არ შეიძლება, არაჯანსაღი პროპაგანდა მიაკუთვნო დასავლეთს, ასე შეურაცხყო ევროპული ქრისტიანული ცივილიზაცია და, მეორე მხრივ, ყველაფერს ტრადიციულს, ღირებულს, შენს ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებულს დაუძახო რუსული.
უფლებების დაცვაზე როდესაც არის ლაპარაკი, ანტიდისკრიმინაციულ მიდგომებზე, ყველა ცივილიზებული ქვეყანა და სწორად მოაზროვნე ადამიანი უნდა იყოს შეუვალი, მაგრამ როდესაც თავისი შინაარსით, გამოხატვის ფორმებით არაჯანსაღ პროპაგანდაზეა საუბარი, აბსოლუტურად სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე და ეს თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მათ შორის არაჯანსაღი პროპაგანდაა, როდესაც აქტუალურ და მთავარ თემებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას დაუმალავ საზოგადოებას და ცდილობ, ლგბტ პროპაგანდის ავანგარდად წარმოადგინო ევროპა და ეს ყველაფერი გააიგივო, თითქოს „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების და მათი პოლიტიკოსების გადასახედიდან, ევროპა იყოს არაჯანსაღი პროპაგანდა და ეროვნული ფასეულობები, ტრადიციული ღირებულებები – ეს ყველაფერი – რუსული. ეს არის არაჯანსაღი პროპაგანდა. გუშინდელი დღეც საკმარისია, რომ ვნახოთ, რას ნიშნავს შეფარული და პირდაპირი არაჯანსაღი პროპაგანდა“, – განაცხადა მდინარაძემ.