მამუკა მდინარაძე - მსოფლიოში არ დაფიქსირებულა პრაქტიკა, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები „ენჯეოს“ გაეყალბებინოს, ეს მოხდა საქართველოში, ახლა ეს „ენჯეო“ წინასწარ არჩევნების დისკრედიტაციით არის დაკავებული
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რევოლუციური, რადიკალური და ძალადობრივი გეგმა ჩაეშალათ, ახლა რჩება ერთადერთი, არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობრივი რევოლუციის გეგმა, აქედანვე დაიწყებენ, რომ საზოგადოება შეაგუონ, არჩევნები გაყალბდებაო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას რევოლუცია და ძალადობა არ გამოუვა.
„რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო მეტ არჩევნებს ვატარებთ, კიდევ უფრო იხვეწება გამჭვირვალობა, დემოკრატიის ხარისხი. რა თქმა უნდა, ყველა არჩევნებს აქვს ხარვეზი და იდეალური არჩევნები ჯერ მსოფლიოში არავის ჩაუტარებია, მაგრამ საქართველომ შეძლო არაერთგზის არჩევნების იმგვარად ჩატარება, რომ პარალელური დათვლის მონაცემების გაყალბება მოუწიათ ამ არჩევნების მოწინააღმდეგეებს, არა რომელიმე პარტიის, არამედ არჩევნების მოწინააღმდეგეებს, არჩევნების დისკრედიტაციის მსურველებს. ახლა ვხედავთ, რომ იმავე ორგანიზაციის წარმომადგენლები ბედავენ, ყოველგვარი რევერანსების გარეშე გამოდიან და აქედანვე არჩევნების დისკრედიტაციას ეწევიან, მაგალითად, „ისფედის“ წარმომადგენლები. მსოფლიოში არ დაფიქსირებულა პრაქტიკა, რომ არჩევნები ჩატარებულიყოს ძალიან კარგად და პარალელური ხმის დათვლის მონაცემები რომელიმე „ენჯეოს“ გაეყალბებინოს, ამით რევოლუციის მცდელობა ჰქონოდეს, ეს მოხდა საქართველოში და ახლა ზუსტად სხვა „ენჯეო“ კი არა, ზუსტად ის „ენჯეო“, ვინც ეს ჩაიდინა და ვისაც ამის მცდელობა ჰქონდა, გამოდის და წინასწარ არჩევნების დისკრედიტაციით არის დაკავებული. პარადოქსების ქვეყანა გავხდით „ნაცების“ და მათი კლასტერის გადამკიდე, მაგრამ ამასაც გადავიტანთ, არც ცალ ფეხზე დავდგებით და არც ეროვნულ ინტერესებს გადავწევთ უკან, არც არჩევნების ხარისხის დემოკრატიულობის, გამჭვირვალობის გაუმჯობესებაზე ვიტყვით უარს, შესაბამისად, ამ მეოთხე პუნქტსაც ზედმიწევნით შევასრულებთ და ვერც რევოლუციას მოახერხებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.