მამუკა მდინარაძე - მოწმე ხარ, ადვოკატი, „ნაცი“ თუ მისი ტელევიზია, რატომ უნდა მოგაფიქრდეს, გაამხილო მხოლოდ შეთქმულების და დამალო ტერორიზმის მუხლი, თუ რაღაცაში არ არის საქმე?
პირველ დღეებში მალავდნენ ტერორიზმის მუხლს, შემდეგ საგულდაგულოდ მალავდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ფიგურირებდა, რატომ უნდა დამალო ეს ყველაფერი, თუ რაღაცაში არ არის საქმე? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ბევრი მსგავსი მოვლენა „ემთხვევა“ ერთმანეთს, განსაკუთრებული ყურადღების მიქცევაა საჭირო და ზუსტად ამას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
„პირველ დღეებში, როდესაც გახმიანდა ეს ამბავი, საერთოდ მალავდნენ ტერორიზმის მუხლს. ერთი წამით დაუშვით, რომ არავინ არაფერი იცოდა მათი მხრიდან. რატომ უნდა მოგაფიქრდეს ამ შემთხვევაში, ორი მუხლია შენთვის ცნობილი, მოწმე ხარ, ადვოკატი, „ნაცი“ თუ მისი ტელევიზია, რატომ უნდა მოგაფიქრდეს, გაამხილო შეთქმულების მუხლი და დამალო ტერორიზმის მუხლი? შემდეგ, როდესაც ინფორმაცია გახმოვანდება და სამი დღის თავზე ყველა გაიგებს, რომ ტერორიზმის მუხლიც არის, საგულდაგულოდ მალავდნენ იმას, რომ ბიძინა ივანოშვილის სახელი და გვარი ფიგურირებდა, როგორც სავარაუდო მსხვერპლი ამ სავარაუდო დანაშაულისა. რატომ უნდა დამალო ეს ყველაფერი, თუ რაღაცაში არ არის საქმე? ამის იქით ალბათ მსჯელობითაც ვერ წავალთ და თუ ისინი ახლა უბრალოდ ღლიცინებენ, რომ ადამიანების მოკვლას აპირებდა ვიღაც, საღლიცინო ამბავი არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.