მამუკა მდინარაძე - მოვუწოდებთ გაერო-ს განვითარების ფონდს და სხვა დონორ ორგანიზაციებს, გაერკვნენ, რა აქტივობებს აფინანსებენ, რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების გადამხდელთა ფული
მამუკა მდინარაძე - მოვუწოდებთ გაერო-ს განვითარების ფონდს და სხვა დონორ ორგანიზაციებს, გაერკვნენ, რა აქტივობებს აფინანსებენ, რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების გადამხდელთა ფული

მოვუწოდებთ როგორც გაერო-ს განვითარების ფონდს, ასევე სხვა დონორ ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ, რეალურად რა აქტივობებს აფინანსებენ და რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების გადამხდელთა ფული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მიმდინარე კვირაში დაინიცირდება ლგტბ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი, რომლის მოწინააღმდეგეებიც უკვე ემზადებიან საბრძოლველად.

„მიმდინარე კვირაში დავაინიცირებთ კანონპროექტს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, ამ თემით უკვე დაინტერესდნენ ჩვენი ოპონენტები და ემზადებიან ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად. ტრენინგები გაიმართა „პრაიდის“ ორგანიზებით და გაერო-ს განვითარების ფონდის დაფინანსებით, რაზეც „პრაიდის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ტარდებოდა სემინარი, ხოლო გაერო-ს განვითარების ფონდმა თქვა, რომ მათ დააფინანსეს სემინარი, რომელიც უმცირესობის უფლებებს ეხებოდა. სინამდვილეში, სასაუბრო თემა გახლდათ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა და ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტების მხრიდან წინასწარვე გახმოვანდა. მოვუწოდებთ როგორც გაერო-ს განვითარების ფონდს, ასევე სხვა დონორ ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ, რეალურად რა აქტივობებს აფინანსებენ და რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების გადამხდელთა ფული, იმისათვის, რომ, მაგალითად, არატრადიციული ცხოვრების წესის ადამიანების უფლებები არ ავურიოთ ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებში; მაგალითად, ამერიკული კანონმდებლობის ზუსტი თარგმანი აღარასდროს ავურიოთ რუსულ კანონმდებლობაში; ე.წ. ფარა, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, არ ავურიოთ პუტინის კანონში; დოლარი, რომლითაც მდიდარი „ენჯეოები“ ფინანსდებიან, რუბლში, რომლითაც ასევე მდიდარი „ენჯეოების“ ნაწილი ფინანსდება და ა.შ.“ – განაცხადა მდინარაძემ.