მამუკა მდინარაძე - მოვუწოდებთ ამომრჩეველს, მაქსიმალურად იაქტიურონ, აქტივობის შემთხვევაში, ორ ოლქშიც გამოირიცხება რისკები და გამარჯვებას მივიყვანთ ბოლომდე
ჩვენი აქტივის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კვლავ რჩება ორი მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენი და ოპოზიციური კანდიდატების მონაცემები ძალიან არის ერთმანეთთან მოახლოებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მამუკა მდინარაძე მოუწოდებს ამომრჩეველს, კენჭის ყრის პროცესის დასრულებამდე დარჩენილი დრო გამოიყენონ და იაქტიურონ.
„ჩვენს ამომრჩეველს ვთხოვთ, მაქსიმალურად იაქტიურონ, რათა გამოვრიცხოთ რევანშისტური ძალის გამარჯვება, თუნდაც იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ჩვენი და მათი მონაცემები მიახლოებულია ერთმანეთთან. ამას უზრუნველყოფს მხოლოდ ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა. ვფიქრობ, პარტიულ აქტივს სწორი მონაცემები აქვს და არჩევნების შედეგებს რომ გავიგებთ, მივხვდებით, ამას რატომ ვსაუბრობდით. ამომრჩეველს მოვუწოდებთ, არ დავუშვათ რისკი არც ერთ მუნიციპალიტეტში. ორ საათზე ნაკლებია დარჩენილი ხმის მიცემის პროცედურის დასრულებამდე და აქტივობის შემთხვევაში, ორ ოლქშიც გამოირიცხება რისკები და გამარჯვებას მივიყვანთ ბოლომდე. არც ერთ შემთხვევაში, ამ ორი საათის განმავლობაში წამგებიან მდგომარეობაში ჩვენს კანდიდატებს არ დავასახელებ. ორი მუნიციპალიტეტია ასეთი და ამომრჩეველს მაქსიმალური აქტივობა მართებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.