მამუკა მდინარაძე - მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვისაც შეიძლება, განზრახული ჰქონდეს მარნეულის მსგავს სპექტაკლში მონაწილეობა, დაისჯება უმკაცრესად
მამუკა მდინარაძე - მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვისაც შეიძლება, განზრახული ჰქონდეს მარნეულის მსგავს სპექტაკლში მონაწილეობა, დაისჯება უმკაცრესად

მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვისაც შეიძლება, განზრახული ჰქონდეს მარნეულის მსგავს სპექტაკლში მონაწილეობა, დაისჯება უმკაცრესად, – ამის შესახებ „ქართულმა ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ განცხადება გააკეთა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც მარნეულში ერთ-ერთი პირი საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრის. მისივე თქმით, მარნეულში მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა ტარდება.

„რამდენიმე დღის წინ მე მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩავატარე. ერთ-ერთი პუნქტი, რაც მე მაშინ მოვუყევი წინასწარ საზოგადოებას, იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც მოდიოდა „ნაცმოძრაობიდან“. ისინი აპირებდნენ ადამიანების მოსყიდვას საიმისოდ, რომ შემდეგ მომხდარიყო ვიდეოკადრების გავრცელება. სქემა იყო ასეთი, უნდა მოესყიდათ, უნდა მოეძებნათ ვინმე „ქართული ოცნების“ რიგებში, ვისაც გადაუხდიდნენ ფულს, თქვენ შეგიძლიათ ეს კადრები ამოიღოთ, რომელიც შემდეგ სხვას დაარწმუნებდა, ან თვითონ ჩაყრიდა, ან შეაცურებდა ბიულეტენებს, საარჩევნო ურნაში ან ელექტრონულ აპარატში. ამას შემდეგ გადაიღებდა ვინმე კვლავ „ნაცმოძრაობიდან“ და ეს ვიდეოკადრები გავრცელდებოდა და იქნებოდა, ბუნებრივია, ასეთი პროვოკაცია დადგმული.

ერთი ერთში, როგორც იმ დღეს ვილაპარაკე, ერთი-ერთში დადასტურდა, თუ ის კადრები ნამდვილია, რაც ვრცელდება მარნეულიდან, ჩვენ ამის მოკვლევას კიდევ ვატარებთ, დავასწრებთ მოვლენებს, თუ ეს კადრები ნამდვილია, პირობას ვაძლევ, რომელი პარტიის ან რომელი, არ ვიცი, ენჯეოსექტორი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, ეს ჩვენი იქნება თუ სხვისი არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, დაისჯება უმკაცრესად. წარმოუდგენელია, კამერების წინ დადგეს ადამიანი, ნახევარ თუ ერთ მეტრში კამერა უღებდეს და ასე ყრიდეს იმ უბანზე, სადაც არ არის ელექტრონული არჩევნები. ასეთი რამდენიმე ათეული უბანია ქვეყანაში, წარმოუდგენელია, რომ კამერის წინ ასე ყრიდეს და იცოდეს, ხედავდეს, შეუძლებელია, რომ ვერ ხედავდეს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მარნეულში განვითარებული მოვნელები საბოტაჟია.

„Ეს არის სპეციალურად გაკეთებული და, სამწუხაროდ, თუ ეს კადრები ნამდვილია და ახალია, საარჩევნო უბანზე მონაწილეობას იღებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მე პირადად დარწმუნებული ვარ ამაში, ის იღებს მონაწილეობას ქვეყნის არევის გეგმაში, რათა ეს კადრები გავრცელდეს და შემდეგ ლეგიტიმაციის პრობლემები იყოს. მან ჩაიდინა პირდაპირ მავნებლობა საქართველოს სახელმწიფოს და მისი კონსტიტუციური წყობის და უსაფრთხოების წინააღმდეგ,

პირობას ვაძლევთ ყველას და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება დამოკიდებულება სამართალდამცველების და სამართალდამცავი ორგანოების, დაისჯება უმკაცრესად ყველა ის ადამიანი, ვინც კიდევ მომავალში, დღის განმავლობაში ამას მოიფიქრებს. ეს არის საბოტაჟი პირდაპირი გაგებით. აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვისაც კიდევ შეიძლება ჰქონდეს განზრახული ასეთ სპექტაკლებში, ასეთ სიბინძურეში მონაწილეობა, მოვუწოდებ და მიაწვდინეთ ყველას ხმა, ვინც არ არის ტელევიზორთან, ვინც არ არის სოციალურ ქსელთან, გაავრცელეთ მაქსიმალურად. ყველას ვთხოვ, მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, რომ მიაწვდინონ ყველას ხმა, რომ თუ მსგავს დანაშაულში მიიღებენ მონაწილეობას, მათი დამცველი არ იქნება არავინ და, მით უმეტეს, არც ჩვენ, ისინი დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით“, – აღნიშნა მდინარაძემ.