მამუკა მდინარაძე - მონებივით არ უნდა შევყურებდეთ ვიღაცას, იქნებ დასავლელმა პარტნიორმა რაიმე გვითხრას, რომ ამას ჩამოვეკიდოთ და საკუთარ ქვეყანას საბოტაჟი მოვუწყოთ
ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი ბრძოლით მივიღეთ, თუმცა მას წინ კრიტიკა უძღოდა. ყველაფრით დავამტკიცეთ, რომ სტატუსი გვეკუთვნოდა, მათ შორის, მათ მიერ გამოქვეყნებული პარამეტრებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, რომელსაც დასავლეთში აკრიტიკებენ, კითხვა – „რატომ“ ღირსებით და თავმოყვარეობით უნდა დაისვას და ვიდრე კითხვაზე პასუხი იქნება, ქვეყანა ვიღაცას მონასავით არ უნდა შეჰყურებდეს.
„ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი ბრძოლით მივიღეთ, თუმცა ამას წინ კრიტიკა უძღოდა. ყველაფრით დავამტკიცეთ, რომ სტატუსი გვეკუთვნოდა, მათ შორის, მათ მიერ გამოქვეყნებული პარამეტრებით. ბრძოლით მივიღეთ და ასე, ბრძოლით მივიღებთ. როცა კითხვას სვამთ, რატომ ვერ დაარწმუნეთ პარტნიორები გამჭვირვალობის კანონპროექტზეო, როგორ დავარწმუნო ჩვენი კოლეგა, რომელსაც თავის ქვეყანაში უფრო მკაცრი კანონი აქვს მიღებული, ანალოგიური და უფრო მკაცრი? ის უკვე დარწმუნებულია, უბრალოდ, ქართველს გვჩაგრავს და გვეუბნება, მე მივიღე, დიდი ქვეყანა ვარ, მაგრამ შენ არ უნდა მიიღო, რათა ჩემმა აგენტმა, ლაკა ხოშტარიამ და ჯაფარიძემ ქვეყანა მართონ და არა მეგობარმა „ქართულმა ოცნებამ“ დასავლური რაკურსითო. ამიტომ ცოტა თავმოყვარეობა უნდა ვიქონიოთ და პასუხს – „იმიტომ“, არ უნდა დავყაბულდეთ. უნდა ვთქვათ, რომ ეროვნული თავმოყვარეობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ კითხვები ღირსებით და სიამაყით დავსვათ, რატომ? რატომ-ზე პასუხი სანამ არ იქნება, მონებივით არ უნდა შევყურებდეთ ვიღაცას, იქნებ დასავლელმა პარტნიორმა რაიმე გვითხრას, რომ ამას ჩამოვეკიდოთ და საკუთარ ქვეყანას საბოტაჟი მოვუწყოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ათი წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ საქართველო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მიიღებდა.
„ათი წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მიიღებდა. როგორც იქნა, ეს შევძელით და თქვენ ისე რამ გაგაბოროტათ, რომ ამ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, მართლა როგორც აგენტები, ისე ებრძვით. უნდა იამაყოთ იმით, რომ საქართველომ შეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, იმ გადაწყვეტილებების, რაც საქართველოს მეტ დემოკრატიას და ევროპულობას უზრუნველყოფს. ამერიკელ კონგრესმენს რომ უფრო მკაცრი კანონი აქვს და გეუბნება, შენ არ მიიღო, თუ არა დაგასანქცირებო, მე კი არ უნდა მებრძოლო, მხარი უნდა დაუჭირო ქვეყანას, რომ თანამედროვე სამყაროში არცერთ ქართველს ასე უსამართლოდ არავინ მოექცეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.