მდინარაძის თქმით, თუ ობიექტურად შეფასდება საქართველოში გატარებული რეფორმები, ეს აუცილებლად იქნება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველი.
„ჩვენ, პირიქით, ვუსწრებთ რეფორმებით, შეფასების კრიტერიუმებით, მათ შორის, რაც ყველაზე მთავარია, ევროკავშირის მიერ შეფასებული კრიტერიუმების მიხედვით, ჩვენ ვართ პირველები. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსი თუ ვინმეს ეკუთვნის, პირველ რიგში, ამ ქვეყანას ეკუთვნის. ბუნებრივია, მეტი უსაფრთხოება, მეტი ევროპა და ევროპულობა დამოკიდებულია ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებაზე და საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამიტომ ჩვენ მათგან ველოდებით ობიექტურ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, არავინ კამათობს იმაზე, რომ რუსეთს აღიზიანებს და იბრძვის ნატო-ს გაფართოების წინააღმდეგ, რადიკალური ოპოზიცია კი სპეკულირებს, თითქოს ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილისგან გაიგეს.
„„ნაცების“ კრიტიკა იყო და ჩვენი რადიკალური ოპოზიციის? გამოდის, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ღარიბაშვილისგან გაიგეს, თურმე რუსეთს აღიზიანებს ნატო-ს გაფართოება და ის იბრძვის ამ გაფართოების წინააღმდეგ, ანუ, ეს გაუკვირდათ? და ეს ასე არ არის? დიახ, რუსეთს აღიზიანებს ნატო-ს გაფართოება, დიახ, იბრძვის ამის საწინააღმდეგოდ. ამაზე სპეკულაცია, იმის არ იყოს, დროშა ჩამოხსნესო, და აქ დღეს შეამჩნევდით ფოტოს, სადაც ევროკავშირის დროშა ჩანს იმ დეკორაციების ფონზე, რომელიც თავისუფლების თემატიკით ეროვნულ სიმბოლიკაზე იყო აწყობილი, აი, ყველაფერზე, დროშის ჩამოხსნის ფეიკზე, ამ ნარატივზე, რომელიც უდავოა და რომელზეც არავინ კამათობს, რომ, დიახ, რუსეთს აღიზიანებს და იბრძვის ნატო-ს გაფართოების წინააღმდეგ, აწყობენ ახლა რაღაც ლოგიკას, რომელიც იმდენად სპეკულაციურია, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. თან არავის დაავიწყდეს, რომ გვამუნათებენ ხოლმე და გვახსენებენ რაღაც სიტყვებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩაწერა, ჩვენ ჩავწერეთ 2017 წელს კონსტიტუციაში საქართველოს მომავალთან დაკავშირებული დავალება საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ ევროკავშირი და ნატო არიან ამ დავალების ობიექტები, რომ საქართველოს სწრაფვა უნდა იყოს ამ მიმართულებით. ეს ჩვენი ჩაწერილია, არავის დაავიწყდეს, რომ ეს ჩანაწერი არავის დაუძალებია, ეს არის ჩვენი ნებით განხორციელებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტელებები როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის და ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომლებიც ევროპისკენ და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ ისწრაფვიან, ეროვნულ მიზნებს და ამოცანებს კიდევ უფრო წაადგება.
„სწრაფ გადაწყვეტილებაში რას ვგულისხმობ, იცით, გუშინ და გუშინწინ, არ აქვს წლებს მნიშვნელობა, წინა პერიოდში უფრო სწრაფი, უფრო ობიექტური გადაწყვეტილება რომ მიეღოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, შესაძლებელია, თავიდან ყოფილიყო აცილებული ამ ქვეყნებისთვის ძალიან ცუდი შედეგები, რომლებიც საოკუპაციო ომებმა უკვე ამ შემთხვევაში გამოიწვია. ამიტომ ვამბობთ, რომ თუ კარი ღიაა, ამ ღია კარში უფრო სწრაფად უნდა მიგვიღონ, ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას წაადგება და არ არის საჭირო ამის შეფერხება, როდესაც ობიექტურად იმსახურებ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ა.შ. ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებას. ამის შეფერხება და რაღაც მიზნებით თუ მიზეზებით გაჭიანურება, პირიქით, არ ადგება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებს, არამედ რეგიონის უსაფრთხოებას. ამიტომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტილებები უფრო კარგი იქნება და დამაზიანებელია, როდესაც ასეთი გადაწყვეტილებები თავის დროზე არ მიიღება ხოლმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.