მამუკა მდინარაძე - მნიშვნელოვანი იყო იენს სტოლტენბერგის მიერ იმის აღნიშვნა, თუ რა კონტრიბუცია შეაქვს საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობაში, ჩვენი დამოკიდებულებაც მეგობრული და შემხვედრია
მამუკა მდინარაძე - მნიშვნელოვანი იყო იენს სტოლტენბერგის მიერ იმის აღნიშვნა, თუ რა კონტრიბუცია შეაქვს საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობაში, ჩვენი დამოკიდებულებაც მეგობრული და შემხვედრია

ჩვენი პარტნიორების მესიჯებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გვიმყარდება რწმენა ჩვენი მათთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრებზე და ევროპელი პარტნიორების განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელიდან საქართველოსთან მიმართებაში როგორც გუშინ, ასევე დღეს პოზიტიური გზავნილები იყო.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ იმის აღნიშვნა, თუ რა კონტრიბუცია შეაქვს საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობაში.

„მოვისმინეთ მნიშვნელოვანი, პოზიტიური გზავნილები, ისევე როგორც გუშინ, ასევე დღეს. დღევანდელი ერთობლივი პრესკონფერენციაც ასეთი მესიჯებით იყო სავსე და, შესაბამისად, ჩვენ, ჩვენი პარტნიორების მესიჯებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გვიმყარდება რწმენა ჩვენი მათთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნატო-ს გენერალური მდივნის აღნიშვნა იმასთან დაკავშირებით და, ბუნებრივია, მადლობა უნდა ვუთხრათ მას, რომ ამ მაღალი ტრიბუნიდან აღნიშნა იმის შესახებ, თუ რა კონტრიბუცია შეგვაქვს ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში. როდესაც მეორე მხრიდან მთლად მეგობრული დამოკიდებულება კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან არ არის ხოლმე, მაგალითად, უკრაინასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი ვართ ჰუმანიტარული დახმარების კუთხით. საქართველოში 30 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი არის დღეს. ჩვენ გავხსენით სკოლები, ბაღები უკრაინელი მოსწავლეებისთვის. ჩვენ უპრეცედენტო ჰუმანიტარული დახმარება გავუწიეთ მათ და კონტრიბუციაც აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რაც გვაქვს შეტანილი ნატო-სთან ურთიერთობაში. არცერთი ნატო-ს არაწევრი ქვეყანა არ არის ჩართული ისე ამ პროცესებში, როგორც საქართველო. სამწუხაროდ, ჩვენ ამასობაში რამდენიმე ათეული ჩვენი ჯარისკაცი დავკარგეთ, ასეულობით ადამიანი არის დაჭრილი, დასახიჩრებული და ეს არის მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა გმირებმა გაიღეს მსოფლიოში მშვიდობისა და ნატო-სთან პარტნიორობისათვის. ძალიან კარგია, რომ უმაღლესი ტრიბუნიდან ნატო-ს გენერალური მდივანი ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, მკაფიო მესიჯებს უშვებს, აფასებს ამ ყველაფერს და, ბუნებრივია, ჩვენი დამოკიდებულებაც არის მეგობრული და შემხვედრი,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ასეთივე პოზიტიური გზავნილები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომელიც საუბრობდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე.

„ასეთივე იყო ძლიერი და პოზიტიური გზავნილები როგორც გუშინ, ასევე დღეს ირაკლი კობახიძის, რომელიც გუშინაც და დღესაც ლაპარაკობდა ტერიტორიულ მთლიანობაზე, ლაპარაკობდა ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და არ ყოფილა შემთხვევითი არცერთი მესიჯი, რომლისგანაც ჩვენ ვიგებთ, ყველანი ერთად, რომ ნატო-სთან, ევროკავშირთან საქართველო არასდროს ასე ახლოს არ ყოფილა, როგორც ეს არის დღეს და მიუხედავად იმისა, ვისაც რა მესიჯების ან საუბრის გახმოვანება არ უნდა სურდეს, ეს არის ფაქტი, ეს არის რეალობა და საქართველო ამ რეალობაში წინ მიდის ორივე მიმართულებით, ეს არის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული და საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება ამ დავალების შესაბამისად მოქმედებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.