მამუკა მდინარაძე  - მმართველი გუნდისთვის მისაღებია ნებისმიერი საერთაშორისო დონის მხარდაჭერა
მამუკა მდინარაძე  - მმართველი გუნდისთვის მისაღებია ნებისმიერი საერთაშორისო დონის მხარდაჭერა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდისთვის მისაღებია ყველა პოზიცია, რომელიც ქვეყნის და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ვაშინგტონში, კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის შეფასებით, პრეზიდენტს მსგავსი განცხადებების აბსოლუტური ლეგიტიმური უფლება აქვს.

„პრეზიდენტს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება აქვს, რომ მსგავსი განცხადებები გააკეთოს. ნებისმიერი განცხადება, საერთაშორისო ფორმატში ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ნებისმიერი საერთაშორისო დონის მხარდაჭერა მმართველი გუნდისთვის და ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, დარწმუნებული ვარ, მისაღები იქნება, რაც საბოლოო ჯამში ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ჩვენ სწორ საგარეო პოლიტიკასთან, რასაც სამშვიდობო, პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკა ჰქვია, თანხვედრაში იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მიესალმება ნებისმიერ აქტს, რომელსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მიიღებენ.

„რაც შეეხება კითხვას იყო თუ არა, პრეზიდენტის განცხადება მმართველ გუნდთან შეთანხმებული, იცით, რომ პრეზიდენტი მმართველ გუნდთან არ ათანხმებს. თუმცა ნებისმიერი შეუთანხმებელი პოზიცია, რომელიც ქვეყნის და ეროვნული ინტერესებიდან გამოდის, ჩვენთვის მისაღებია“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში, კონგრესში გამართულ კონფერენციაზე, საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა.