მამუკა მდინარაძე - მმართველ გუნდშიც არავის უხარია შეზღუდვების დაწესება ან გამკაცრება, თუმცა ეს ყველაფერი ემსახურება მოქალაქეების ინტერესებს
მამუკა მდინარაძე - მმართველ გუნდშიც არავის უხარია შეზღუდვების დაწესება ან გამკაცრება, თუმცა ეს ყველაფერი ემსახურება მოქალაქეების ინტერესებს

შეზღუდვას თუ დაემორჩილები, ეს თუ მონობაა, ადამიანისგან არ შეიძლება, ამაზე სპეკულაციური მესიჯი მოფიქრებული იყოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების გამო ოპონენტების პროტესტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდში არავის უხარია შეზღუდვების დაწესება ან გამკაცრება, თუმცა ეს ყველაფერი ემსახურება მოქალაქეების ინტერესებს.

„ძალიან ცდილობენ, მოდაში შემოიტანონ ეს მონობის ნარატივი, შეზღუდვა თითქოს მონობაა. ეს გერმანელი, ავსტრიელი, ბრიტანელი და ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართაც შეურაცხყოფაა. არ იაზრებენ, ასეთ მესიჯებს როდესაც ახმოვანებენ, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყნებშიც, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, გარკვეული შეზღუდვებია და შეზღუდვას თუ დაემორჩილები, ეს თუ მონობაა, ამაზე სპეკულაციური მესიჯი არ შეიძლება ადამიანისგან მოფიქრებული იყოს.

შეზღუდვებმა, რაც გვქონდა ჩვენ წინა პერიოდის განმავლობაში, გარკვეული პოზიტიური შედეგი მოგვცა და ამას გადარჩენაც კი გარკვეულწილად შეიძლება დავარქვათ, იქიდან გამომდინარე, რომ გვახსოვს ყველას ძალიან კარგად, რის წინაშე ვიდექით სულ რამდენიმე კვირის წინ, ერთი-ორი თვის წინ. დღეში 5 000 ინფიცირებული ამ ქვეყნის კი არა, ჩვენზე ბევრად ძლიერი, ეკონომიკურად და ჯანდაცვის სისტემის მიმართულებითაც ძლიერი ქვეყნებისთვისაც უდიდესი და უსერიოზულესი პრობლემაა. არავის უხარია არც მმართველ გუნდში რაღაც შეზღუდვის დაწესება, ან რაღაცის გამკაცრება, ყველა შემთხვევაში ეს ემსახურება მოქალაქეების ინტერესებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, სოციალური პრობლემების ფონზე შეზღუდვების საკითხი მძიმედ აღიქმება.

„ჩვენ როცა არ ვცხოვრობთ ეკონომიკურად ისე ძლიერ ქვეყანაში, სადაც სოციალური პრობლემები ჯერ კიდევ ძალიან ბევრია, თითოეული ასეთი საკითხი ძალიან სენსიტიურად აღიქმება, განსაკუთრებით, იმ ადამიანების მხრიდან და მიერ, ვისაც უშუალოდ ეხება ეს და ძალიან ბევრია. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანი, მაგრამ ახლა ამით სპეკულირება, იმის ნაცვლად, რომ ვირუსის მხარეს კი არ იდგნენ, არამედ იდგნენ სახელმწიფოს მხარეს, კიდევ ერთხელ ჩვენთან ერთად კარგად განმარტონ თითოეული შეზღუდვის აუცილებლობა და სხვა გზა რომ არ არის, ამაზე ილაპარაკონ, აქაც კი სპეკულაციას მიმართავენ. ჩვენ ხშირად ვამბობდით, რომ ვირუსის მხარეზე არიან ეს ადამიანები და უხარიათ ეს ყველაფერი, სამწუხაროდ“, – განაცხადა მდინარაძემ.