მამუკა მდინარაძე - მმართველ გუნდში არჩევნების გადადების საკითხი არ განხილულა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, საპარლამენტო არჩევნების თარიღის შეცვლა არ იგეგმება.
როგორც ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ განუცხადა, მმართველ გუნდში არჩევნების გადადების საკითხი არ განხილულა.
„ვინც არჩევნების თარიღის გადაწევის თაობაზე რაიმე ეჭვებს გამოთქვამს ახალს და მოგონილს, დავამშვიდებ და ვეტყვი, რომ არანაირ ცვლილებაზე საუბარი არ არის. ჩვენთან მსგავსი საკითხები არ განხილულა, არც 8 მარტის შეთანხმების დარღვევაზე არ უფიქრია არავის, არათუ უსაუბრია. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდი ცვლილებებს მხარს სრული შემადგენლობით დაუჭერს და დარწმუნებული ვართ, რომ დამატებით გვეყოფა ხმები, რათა 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს. რაც შეეხება თარიღის ცვლილებას, თუ კითხვა დაისმება, რომ საგანგებო მდგომარეობა დაწესება აუცილებელი იქნება, შემდეგ რა ხდება – გადაიდება. ეს არის ტექნიკური პასუხი, მეტს ვერავინ ვერაფერს უპასუხებს. იმედია, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ დაგვჭირდება და ასეთი კატასტროფული მდგომაროება არ იქნება, რადგან მაშინ კონსტიტუციაში წერია, როდის უნდა გაიმართოს არჩევნები, ეს არის მიმდინარე წლის 31 ოქტომბერი. ღმერთმა არ ქნას და თუ კატასტროფული მდგომარეობა იქნება, შეუძლებელი გახდება არჩევნების ჩატარება ან იქნება ძალიან მაღალი ვარაუდი, რომ არჩევნების ჩატარება შეიძლება გახდეს ვირუსის გავრცელების წყარო, ამ შემთხვევაში, კონსტიტუციით არის დარეგულირებული, რომ არჩევნები გადაიწევს და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, მისი გაუქმებიდან 45-დან 60 დღის ვადაში ჩაინიშნება არჩევნები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, არჩევნების თარიღმა გადაიწიოს.