მამუკა მდინარაძე - მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი ზედმიწევნით შესრულდება, მმართველი გუნდი ამისთვის მზადაა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი ზედმიწევნით იქნება შესრულებული.
მდინარაძის განმარტებით, მმართველი გუნდი ამისთვის მზადაა.
„არც ერთ ეტაპზე არც არავის არ უთქვამს, რომ მიშელის დოკუმენტიდან რომელიმე პუნქტი არ შესრულებულიყო, თუმცა იქ არის უამრავი ტექნიკური დეტალი, როდესაც ხდება ნორმების, რეგულაციების დაზუსტება. ეს მოითხოვს სწორ, იურიდიულ გასაზღვრას ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ამას სჭირდება ყველა სავარაუდო იურიდული, სამართლებრივი, თუ პრაქტიკული რისკის გამორიცხვა. ეს არის შრომატევადი სამუშაო, ამ საკითხს ასევე სჭირდება პოლიტსაბჭოს ფორმატში შეთანხმება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.