მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილს სადმე კონსულტანტად, მდივნად და მრჩევლად თუ განამწესებენ, ეს შედარებით მეორეხარისხოვანია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისე მოიქცა, როგორც ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს პარლამენტი მოიქცეოდა.
ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნოს.
„მინდა, უკრაინის რადას და ჩვენი უკრაინელი კოლეგების უმრავლესობას დიდი მადლობა გადავუხადო კეთილგონიერებისთვის და ჩვენი პოზიციის იმგვარად გაზიარებისთვის, რაც მათ განცხადებებში გამოიხატა და სხვადასხვა მიზეზის გამო ისე მოხდა, რომ რადაში მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის განხილვა რომელიმე პოლიტიკურ თანამდებობაზე და იმ თანამდებობაზე არ მოხდა, რაზეც საუბარი იყო.
ვერ დავიბრალებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი ფაქტორი ჩვენი მიმართვებიც იყო, როცა ვთქვით, რომ კრიმინალის დანიშვნა არ შეიძლება მეგობარი ქვეყნის რომელიმე პოლიტიკურ თანამდებობაზე. თუ მრჩევლად, კონსულტანტად და მდივნად დანიშნავენ, ეს აღარ ვიცი, რადგან შეიძლება, მიხეილ სააკაშვილს მდივნობისას ყავის მოდუღებაც არ გამოუვიდეს კარგად, პიარშიკების გარეშე.ყოველ შემთხვევაში, ის ამას იყო მიჩვეული.
საქართველოს პარლამენტი ისე მოიქცა, როგორც ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს პარლამენტი მოიქცეოდა. დღეს და ხვალ რას იზამენ, არ ვიცი. კონსულტანტის, მდივნის და მრჩევლის თანამდებობაზე სადმე თუ განამწესებენ, ეს უკვე შედარებით მეორე ხარისხოვანია. ყოველ შემთხვევაში, ისეთ თანამდებობაზე მაინც თუ იქნება საუბარი, რომ იგუგლება, მაშინ შეიძლება, ჩვენ ჩვენი რეაქცია გვქონდეს, თუ ასე არ იქნება, მაშინ შემდეგ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.