მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილს დესტაბილიზაციის შემოტანის რესურსი ნამდვილად არ გააჩნია
ხმების მიღების რესურსი შესაძლოა, ვინმეს ჰქონდეს, მაგრამ არეულობის რესურსი მათ არ გააჩნიათ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, არაადეკვატურია.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადება არ არის ადეკვატური. გასაგებია, რომ უჭირს მარცხთან შეგუება, მაგრამ თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ ეს მარცხი იყო გარდაუვალი. საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში, საქართველო ადგას განვითარების გზას და არის ორიენტირებული მომავალზე. საზოგადოებამაც გამოიტანა ესეთი გადაწყვეტილება. საზოგადოებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ხალხის ნებას წინ ვერასდროს ვერაფერი დადგება, ვერც, მათ შორის, სააკაშვილის ის გამონათქვამები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმას ადასტურებს, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით მთელი წინა პერიოდის განმავლობაში.
ბოლო დროს, როდესაც უკვე მიხვდა, რომ იყო დამარცხებული, მისი მიზანი არ იყო არჩევნებში გამარჯვება, მისი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ არეულობა, ქაოსის შემოტანა ამ ქვეყანაში, რასაც საქართველო აღარასდროს დაუშვებს.
დესტაბილიზაციის შემოტანის რესურსი მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად არ გააჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ მხარდაჭერა არ ნიშნავს მის გიჟურ გეგმებზე აყოლას. მხარდაჭერა ნიშნავს დაფიქსირებას საკუთარი აზრის. ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, მათ შორის ამ აზრის გამოხატვას და ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩაებმებიან იმ რაღაცა ქაოსის სქემაში, რაც მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ ლიდერს აქვს. აქედან გამომდინარე, ხმების მიღების რესურსის შეიძლება ჰქონდეს ვინმეს, მაგრამ იგივე რესურსი ბუნებრივად მათ არ გააჩნიათ არეულობის მოწყობის.
ადამიანები, რომლებმაც განსხვავებული აზრი დააფიქსირეს, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ამ პროვოკაციას აყვებიან და წამოეგებიან“, – განაცხადა მდინარაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ არ აპირებსარჩევნების შედეგების აღიარებას და ამომრჩევლებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.