მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილმა ჩაწერა ბრძანებულებაში, რომ საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდა რუსული ტექნიკა და რუსი სამხედროები
მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილმა ჩაწერა ბრძანებულებაში, რომ საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდა რუსული ტექნიკა და რუსი სამხედროები

დღევანდელი დღე არის ყველაზე მძიმე დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში, დღეს არის დღე, როდესაც ჩვენი გმირი ბიჭები დაიღუპნენ და დღე, როდესაც ჩვენ ამოვდივართ მათ საფლავებზე, გავიხსენოთ და გავახსენოთ მთელ საქართველოს, რომ ასეთი გმირებით მოვიდა ეს ქვეყანა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სწორედ გმირების დახმარებით გაგრძელდება ცხოვრება და რომ არა ასეთი გმირები, ქვეყანა არ იქნებოდა.

„8 აგვისტო არამხოლოდ რუსული ნარატივია, არამედ არის მიშა სააკაშვილის და რუსული ნარატივი ერთი მიმართულებით, რადგან 9 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა ჩაწერა ბრძანებულებაში, რომ 8 აგვისტოს შემოვიდა რუსული ტექნიკა და რუსი სამხედროები. თუ ამაზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს არის მიხეილ სააკაშვილისა და რუსული ნარატივი, მაგრამ ეს დეტალიზაცია დღეს მართლა არაფერ შუაშია, თუმცა წინა დღეების განმავლობაში როგორც კი გარკვეული ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა, ამას ვერავინ ვერ დაადგენს დროებით, წამებით, საათებით, ეს შეიძლება იყოს ექვსი, გვიანი ღამე, შვიდი, თუ ასე შემდეგ. აბსოლუტური სპეკულაციაა ვითომ ახალი ნარატივი შექმნაა. იცით, რატომ ისმევა ასეთი პრიმიტიული კითხვები, ვინ დაიწყო ომი?! – რუსეთმა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უპრიმიტიულესი კითხვა ერთი მიზეზით ისმევა, რომ მთავარი და რეალური კითხვები არ დაისვას, რაზეც დღეს შეიძლება საუბარი არ გვინდოდეს აქ, მაგრამ ამაზე ბევრს ვსაუბრობთ, გუშინაც ვილაპარაკეთ და ხვალაც ვილაპარაკებთ. ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რატომ დაწერა ცხრაში, თავის დროზე, ბრძანებულებაში მიხეილ სააკაშვილმა, რომ რვაში შემოვიდნენ რუსები საქართველოში, რატომ მისცე ხმა ორი თვის შემდეგ აგვისტოს ომიდან, ისეთ რეზოლუციას, რომლის მეხუთე პუნქტში ეწერა სუფთა რუსული ნარატივი?! რატომ ხდებოდა ასე, რომ ყველაფერი, მათი მოქმედება შედეგობრივად ცუდად აისახებოდა ამ ქვეყანაზე, და თუკი, რუსეთი მტერია, რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამ პრიმიტიულ კითხვებს თუ დავსდევთ ამდენი წლის განმავლობაში, იმაზეც ვილაპარაკოთ და ტაბუ არ დავადოთ, მეტ სიღრმეს და ეს მეტ სიღრმეში ჩასვლა იმიტომ არ აწყობს ნაციონალურ მოძრაობას, რომ იქ იკვეთება მათი, როგორც მინიმუმ, უგუნური, აბსოლუტურად გაუაღებელი და მეორე მხრივ, შეიძლება ეს იყოს, მოღალატეობრივი საქციელი”,-განაცხადა მდინარაძემ.