მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილის პერიოდში ვაზს ჩეხდნენ, ქართველისთვის ამაზე ცუდი შეუძლებელია, სხვა რამე იყოს
ვაზს ჩეხდნენ მის პერიოდში, ქართველისთვის ამაზე ცუდი შეუძლებელია, სხვა რამე იყოს. თუ სუბსიდირების სურვილი ჰქონდა, ეს თავის დროზე გამოეხატა, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ქართველ მევენახეებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას.
მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც პანდემიისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში სახელმწიფო ახერხებს, გლეხს დაეხმაროს, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სუბსიდირებასთან დაკავშირებით განცხადება მხოლოდ სპეკულაციაა.
„ორი დღეა, მიხეილ სააკაშვილზე სერიოზული კომენტარის გაკეთებას მთხოვთ, რაც მიჭირს. მე რომ პრემიერი გავხდებიო, ამბობს და თან იცის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 11-პროცენტიანი რეიტინგი აქვს, თავად კი იმისი ნახევარი. შესაბამისად, არ შეიძლება, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ოდნავ სერიოზულად თუ შევხედავთ, ვაზს ჩეხდნენ მის პერიოდში და ქართველისთვის ამაზე ცუდი შეუძლებელია რამე სხვა იყოს. თუ სუბსიდირების სურვილი ჰქონდა, თავის დროზე გამოეხატა. როცა პანდემიის, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და ეკონომიკის რეცესიის პერიოდში სახელმწიფო მაინც ახერხებს გლეხის სუბსიდირებას, ამ დროს იქ რაღაც გიჟური გამოხტომა არის სპეკულაცია და ფსიქიკური პრობლემები, რომლებიც ამ კაცმა თავს მოგვახვია. ჩვენც ვდგავართ და სერიოზულად ვსაუბრობთ მევანახეობაზე და იმაზე, რამდენ თეთრს დაამატებს. ეს არის არასერიოზული. სახლობანას თამაშში არ უნდა ავყვეთ. ზოგი პრემიერია,ზოგი სუს-ს აუქმებს,ზოგი სასამართლოს, ზოგს უცხოელი მოსამართლეები ჩამოჰყავს, შემდეგ უცხოელ პოლიციელებს ჩამოიყვანენ. რაღაც რაციონალური პროგრამა ხომ უნდა ჰქონდეთ და დაპირება. ადამიანი ხომ უნდა ხვდებოდეს, რომ რეალობასთან ოდნავი შეხება მაინც აქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც როგორც საქართველოს მთავრობის შემდეგი ხელმძღვანელი მევენახეებს ურჩევს, სერტიფიკატები, რომელსაც მიიღებენ შეინახონ და ოქტომბრის ბოლოს დამატებით კიდევ 80 თეთრი მიეცემათ.