მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილი რეალურად არის თანამედროვეობის ანტიგმირი
ყველაფრის მიუხედავად, რაც სააკაშვილმა თავისი მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში აკეთა, თქვენ რომ გმირად გინდათ გამოიყვანოთ, რეალურად ის არის თანამედროვეობის ანტიგმირი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ერთ-ერთი მედიასაშუალების კითხვის პასუხად განაცხადა.
მდინარაძის თქმით, სახელმწიფო ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.
„ჩვენ ვიცით, რომ მის მიმართ განაჩენიც დამდგარია, სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებული აქვთ და სტრასბურგი იტყვის საბოლოო სიტყვას მის განაჩენებთან დაკავშირებით. პიჯაკების საქმედ რომ ნათლავთ, იქ რვა მილიონის საქმეა. ბოტოქსებზე, სიგამხდრის პროცედურებზეა და უამრავ ისეთ რაღაცაზეა ლაპარაკი, რაც არანაირ მორალში არ ჯდება გარდა იმისა, რომ დანაშაულია. რაც ამ ადამიანმა აკეთა თავისი მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში, თქვენ რომ გმირად გინდათ გამოიყვანოთ, რეალურად ის არის თანამედროვეობის ანტიგმირი. ამ ყველაფრის მიუხედავად, სახელმწიფო კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანი რომც იყოს, ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. არაადამიანი არავინაა, რომ ვიღაცის გარდაცვალება მოუნდეს და ამაზე არათუ ილაპარაკოს, იფიქროს. მეორე მხარეა სამართლებრივი და ამ სამართლებრივთან ერთად, ვალდებულება უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, რასაც სახელმწიფო ზედმიწევნით შეასრულებს და ასრულებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს თუ რაიმე სამედიცინო მომსახურება დასჭირდება, მისი გაწევა იმ სამკურნალო დაწესებულებაშიც არის შესაძლებელი, რომელიც ახლა არის მოთავსებული.
„სააკაშვილის შიმშილობის 46-ე დღეაო ამბობთ და ვერ ასახელებთ კონკრეტულ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც დღეს მსჯავრდებულ სააკაშვილს სჭირდება და არ შეიძლება გაეწიოს იმ საავადყოფოში, რომელშიც ახლაა მოთავსებული. კონსილიუმს რაც შეეხება, შესაბამის გადაწყვეტილებას ალბათ ხვალ მიიღებენ. კონსილიუმი საჭირო იყო მაშინ, როდესაც სააკაშვილი იმყოფებოდა დაწესებულებაში, სადაც როგორც წესი, ექიმები არ არიან. სადაც არის მრავალი პროფილის ექიმი და სამედიცინო დაწესებულება, კონსილიუმი რამდენად საჭიროა, არ ვიცი. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანოები იღებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.