მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილი არაადეკვატურია მოვლენების მიმართ, ტყუილი და ბოროტება ამ კაცის საფირმო ნიშანია
მიხეილ სააკაშვილი არაადეკვატურია თავისი წარსულის მძიმე ცოდვებიდან გამომდინარე, – ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება, რომელმაც განაცხადა, რომ „სამთავრობო ექიმები ტყუილს ტყუილზე ლაპარაკობენ“.
მამუკა მდინარაძის თქმით, ტყუილი და ბოროტება მიხეილ სააკაშვილის „საფირმო ნიშანია“.
„სიმართლე გითხრათ, დიდად აღარ მინდა ხოლმე, ამ სუპეროდიოზური, თუ არ ვიცი რა დავარქვა, მე ჩემს თავსაც რომ არ ვაკადრო, ისეთი სიტყვები არ ვთქვა. ადამიანი, რომელიც ხან პოლიციელებს ლანძღავს და ემუქრება, ხან ექიმებს ლანძღავს და ემუქრება, არაადეკვატურია მოვლენების მიმართ, არაადეკვატურია თავისი წარსულის მძიმე ცოდვებიდან გამომდინარე და ყოველდღიურად, ყველა წინადადებაში ხან ტყუილს და ხან ისეთ ბოროტებას ამბობს, რომელიც წარმოუდგენელია შეფასებისთვის. ტყუილი და ბოროტება ამ კაცის საფირმო ნიშანია. თუ რომელიმე პარტია მოახერხებს, რომელიც მის ქუდქვეშ მოიაზრება და გაემიჯნება, შედარებით ადეკვატურები გამოჩნდებიან ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ „სამთავრობო ექიმები იმის მაგივრად, რომ დაკავებული იყვნენ, ტელევიზორში არიან გამოკერებული და ტყუილს ტყუილზე ლაპარაკობენ“.