მამუკა მდინარაძე - მგონი, ხალხი დავაბნიეთ, ბურთი ბოლო-ბოლო ვის მოედანზეა, ეს ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ვერ გაარკვია
მამუკა მდინარაძე - მგონი, ხალხი დავაბნიეთ, ბურთი ბოლო-ბოლო ვის მოედანზეა, ეს ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ვერ გაარკვია

მგონი, ხალხი დავაბნიეთ, ბურთი ბოლო-ბოლო ვის მოედანზეა, ეს ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ვერ გაარკვია, ხალხს ეგონება, რომ ჩვენც ვერ გავარკვიეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ მოლაპარაკებების მაგიდაზე კომპრომისული ვერსია დადო, ოპოზიციამ სხვადასხვა საბაბის გამოყენებით მოლაპარაკების მაგიდა დატოვა.

„ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მოგვიწოდებენ, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დავბრუნდეთ, ამ მოწოდებას ვუერთდებით. რაც უფრო მცირე დრო რჩება კონსტიტუციაში ცვლილებებისთვის, მით მეტია შანსი, რომ მოლაპარაკების მაგიდას დავუბრუნდეთ. ჩვენი ოპოზიციის ეს ჭირვეულობა დასრულდება, რადგან ამ კომპრომისულ ვერსიაზე საბოლოო პასუხი უნდა დააფიქსირონ და საკუთარი ვერსია წარმოადგინონ. იმედია, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დავსხდებით. მთავარია, შეთანხმება მოხდეს და საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ საკითხს ყველა პასუხისმგებლობით ვუდგებით. მოლაპარაკების რესურს ვხედავ იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ კომპრომისული ვერსია შეთავაზებული გვაქვს. შეუძლიათ, კიდევ უფრო დახვეწილი ვერსია შემოგვთავაზონ, მაგრამ ამას არ აკეთებენ. მცირე დრო რჩება. თებერვლის შემდეგ შესაძლებლობას მოკლებული ვიქნებით, რომ მოლაპარაკების შემთხვევაშიც კი, კანონმდებლობაში ცვლილებები შევიტანოთ. ვფიქრობ, ოპოზიცია საბოლოოდ ამ პასუხისმგებლობას გაითავისებს, როცა ეს დრო მოახლოვდება. საუბარი რამდენიმე დღეზეა, რა ფორმით, მათი ასარჩევია. მათ ის მაინც უნდა თქვან, რაში მდგომარეობს მეტი პროპორციულობა. ჩვენ ვარიანტზე უნდა თქვან საბოლოო პოზიცია, რატომ არ არის ეს გაცილებით მეტი პროპორციულობის მანიშნებელი. 100/50 მეტ პროპორციულობას რატომ არ უზრუნველყოფს. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. მათი მოთხოვნა არის მხოლოდ საბაბი და მიზეზი, რომ მოლაპარაკება ჩაშალონ, მაგრამ საზოგადოება ამ ყველაფერს კარგად ხედავს. მოლაპარაკების ჩაშლა იქნება არარელევანტური“, – განაცხადა მდინარაძემ.