მამუკა მდინარაძე - მესამე დღეა, ველოდებით ოპონენტების პოზიციას, უნდა ვებრძოლოთ თუ არა ფესევდოლიბერალური ხასიათის პროპაგანდას, რასაც ლგბტ პროპაგანდა ჰქვია
მამუკა მდინარაძე - მესამე დღეა, ველოდებით ოპონენტების პოზიციას, უნდა ვებრძოლოთ თუ არა ფესევდოლიბერალური ხასიათის პროპაგანდას, რასაც ლგბტ პროპაგანდა ჰქვია

მესამე დღეა, ველოდებით ოპონენტების პოზიციას, გვიერთდებიან თუ არა მიდგომაში, რომ ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვასთან, უფლებების დაცვის ხარისხის აწევასთან ერთად, უნდა ვებრძოლოთ თუ არა ფესევდოლიბერალური, ამ ხასიათის პროპაგანდას, რასაც ლგბტ პროპაგანდა ჰქვია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპონენტების მხრიდან პასუხი დღემდე ვერ მიიღეს ზოგად საკითხზე, არათუ რაიმე დაწერილ ნორმაზე, რომელიც ჯერ არ არსებობს.

„ჩვენ მათ ვთავაზობდით, შემოგვთავაზონ ვერსიები, მკაფიოდ როგორ გავმიჯნოთ ნებისმიერი ადამიანის უფლებები არატრადიციული ცხოვრების წესის მიუხედავად, და ლგბტ პროპაგანდა, ამაზე პასუხი არ მიგვიღია. ისინი ამბობენ, რა დროს ეს არის, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში. დღეს, თანამედროვე მსოფლიოში ეს საკითხები, არ გეცნობათ, რომ აქტუალურია? როდესაც 2017 წელს კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, მაშინაც გვეუბნებოდნენ, რომ ეს საკითხი საერთოდ არ იყო აქტუალური. 2017 წლის შემდეგ, გაიხსენეთ, რამდენი ამბავი იყო, რომ დაკანონდა ჩვენს მეგობარ, პარტნიორ ქვეყნებში. დაკანონდა ერთნაირსქესისიან ადამიანთა ქორწინება. ყოფილა აქტუალური? ინტერნეტი და საინფორმაციო ველი გადავსებულია. მაგალითად, ბავშვებს წარმატებულ მაგალითად აჩვენებენ, როგორ გადაკეთდა ქალი კაცად და პირიქით“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ლგბტ პროპაგანდა აქტუალური თემაა.

„დღეს თანამედროვე სამყაროში არსებობს გამოწვევა, ისევე როგორც 2017 წელს არსებობდა ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებული გამოწვევა, ჩვენ ამოვქოლეთ ეს კარი და მოვუჭერით გზა. ოდესმე ვინმეს თუ მოუნდება, რომ დაგვაძალოს ერთსქესიანთა ქორწინება, ვეტყვით, ჩვენს კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს არის აკრძალული. მათ შორის, ახლა ჩვენ კანონზე ვიმსჯელებთ და ვიფიქრებთ, რადგან თუკი ოდესმე იქნება იმის ცდუნება, რომ ლგბტ პროპაგანდამ საქართველოში ისე გაშალოს ფრთები, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენ ეს კარიც უნდა ამოვქოლოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის განცხადებით, პედოფილია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომელსაც უმკაცრესი სასჯელი გააჩნია.

„როგორც კი მსგავსი ფაქტი გამოვლინდება, უმკაცრესად უდგებიან სამართლდამცველები. თუკი პრაქტიკაში რამე პრობლემას ხედავთ, ერთად ვიმსჯელოთ ამაზე. პედოფილიაზე ხომ არის სასჯელი და ლგბტ პროპაგანდაზე არ არის არათუ სასჯელი, არამედ ამკრძალავი ნორმაც. პედოფილიის საკითხი თუ დგას პრობლემად, მისი გადაწყვეტის უმკაცრესი სასჯელი არსებობს, მაგრამ არათუ დასჯის და უმკაცრესი ნორმები, არამედ უბრალო, ადმინისტრაციული ხარისხის ამკრძალავი ნორმაც კი არ არსებობს ლგბტ პროპაგანდის“, – განაცხადა მდინარაძემ.