მამუკა მდინარაძე - მეგობარი ქვეყნის თანხით იყო დაფინანსებული ISFED-ი, რომელმაც პირველად მაინცდამაინც საქართველოში გააყალბა პარალელური დათვლა, ამიტომ არის გამჭვირვალობა აუცილებელი
მეგობარი ქვეყნიდან წამოსული თანხით იყო დაფინანსებული ISFED-ი, რომელმაც მსოფლიო ისტორიაში პირველად მაინცდამაინც საქართველოში გააყალბა პარალელური დათვლა, ამიტომ არის გამჭვირვალობა აუცილებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, „როცა ჩაიწერება, რომ მიზანია დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება და ვნახავთ, რომ გააყალბა, საზოგადოება გამოიტანს დასკვნებს“.
„ერთ ქვაბში ხარშავს ყველას ამერიკულის მსგავსი კანონმდებლობა. იქ არ არის ჩანაწერი, რომელი ქვეყნიდან ითვლება გავლენის აგენტად. ფრანგულზე ამბობდნენ, რომ კანონმდებლობაში მოხსენიებულია რუსეთი, ჩინეთი და ა.შ. ეს არის ტყუილი. ფრანგულ კანონმდებლობაში მსგავსი ჩანაწერი არ არის. მერე არგუმენტად უთქვამთ, რომ იქ რაღაც განმარტებით ბარათში არის ჩაწერილიო. იქვე სხვა რაღაცებიც არის ჩაწერილი, ყურადღებით წაიკითხეთ. იგივე ტექსტში, იცით, რა წერია? აშშ-თან დაკავშირებით წერია, ეკონომიკასთან დაკავშირებით პრობლემებს ქმნისო. აშშ-ზე წერია ძალიან კრიტიკული რამ. ანუ საფრანგეთი მტრად მიიჩნევს ამერიკას? როგორ ვართ აქ? კანონში მსგავსი არაფერი წერია. მეც გიდასტურებთ, რომ პირველი საფრთხე, შეუძლებელია, იყოს სხვა მხრიდან, თუ არა ოკუპანტი ქვეყნიდან, მაგრამ როდესაც ოკუპანტის მხრიდან საფრთხეებზე ვლაპარაკობთ, აქ მხოლოდ გამჭვირვალობაზე კი არ არის საუბარი. უსაფრთხოების სამსახურები ცოტა სხვა რეჟიმში მუშაობენ ამ თემებზე. მეტი განცხადება რა გინდათ, თუ განცხადების დონეზე კმაყოფილდებით.
მეგობარი ქვეყნიდან წამოსული თანხით იყო დაფინანსებული ISFED-ი, რომელმაც მსოფლიო ისტორიაში პირველად მაინცდამაინც საქართველოში გააყალბა პარალელური დათვლა (PVT). იყო თუ არა დაფინანსებული ISFED-ი დასავლეთიდან? მიზნობრიობა იყო არჩევნებზე დაკვირვება და ობიექტური შეფასების დადება, მათ კი გააყალბეს. ამიტომ არის გამჭვირვალობა აუცილებელი. იქ როცა ჩაიწერება, რომ მიზანია დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება და ვნახავთ, რომ გააყალბა, საზოგადოება გამოიტანს დასკვნებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.