მამუკა მდინარაძე - მეეჭვება, შევძლოთ, რომ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის ბაზა შეიქმნას, მაგრამ მზად ვართ, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს არჩევნების დათქმულ თარიღში ჩატარებას
მამუკა მდინარაძე - მეეჭვება, შევძლოთ, რომ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის ბაზა შეიქმნას, მაგრამ მზად ვართ, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს არჩევნების დათქმულ თარიღში ჩატარებას

მზად ვართ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან ერთად, რომლებიც კვალიფიციურ დახმარებას გაგვიწევენ ამ ნაწილში, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების დათქმულ ვადებში ჩატარებასა და არჩევნების ჩატარების გარანტიას,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

კითხვაზე, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე პანდემიის საფრთხე სრულად თუ არ იქნება აღმოფხვრილი, ხომ არ იგეგმება რამე ალტერნატიული ვარიანტი, მამუკა მდინარაძე პასუხობს, რომ მმართველი გუნდი ნებისმიერ მოდელზე მსჯელობისთვის მზად არის.

„მზად ვართ, რომ გავხსნათ მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ არჩევნები დათქმულ თარიღში ჩატარდეს და მივიღოთ სპეციალისტების რჩევები. ასევე, მივაღებინოთ ამ მსჯელობაში მონაწილეობა როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ჩვენ ოქტომბერში მივიდეთ მომზადებული გეგმით. ვაცხადებთ სრულ ღიაობას ამასთან დაკავშირებით. არანაირი პრობლემა აქ არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზის შექმნა სავარაუდოდ ვერ მოესწრება, მაგრამ არჩევნები რეკომენდაციების სრული დაცვით უნდა ჩატარდეს.

„ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ პრაქტიკულად შევძლოთ, ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას და ამ მოკლე პერიოდში მოესწროს, მაგრამ დანარჩენი, რაც შეეხება იმას, რომ რეგულაციებისა და შეზღუდვების თანხლებით და ექიმების რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდეს არჩევნები, ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ მოდელზე სამსჯელოდ მზად ვართ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ არჩევნების ჩატარების საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს.