მამუკა მდინარაძე - მე მინდა, ვუთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“, სინამდვილეში რა არის სირცხვილი
მამუკა მდინარაძე - მე მინდა, ვუთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“, სინამდვილეში რა არის სირცხვილი

მინდა, მივუსამძიმრო „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ყველა დანაყოფით, ყველას ერთად, „გავრილოვის რევოლუცია“ არ შედგა, ვუსამძიმრებ, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ისტერია სწორედ არშემდგარმა რევოლუციამ გამოიწვია.

„სწორედ არშემდგარმა რევოლუციამ გამოიწვია მათი პოსტისტერია, რასაც აქ ვხედავთ დღეს, სათქმელი არაფერი აქვთ, სტვენაზე გადავიდნენ, „კმარადან“ ვერ გამოვიდა ეს ხალხი, „კამარადან“ ვერ გამოდიან დღემდე“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი გასაგებია.

„გასაგებია ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი გარკვეულ შემთხვევებში და პატივს ვცემთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“  დაგეგმილი აქციებით ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. მე მინდა, ვუთხრა მათ, აქ არიან, მოისმენენ, სინამდვილეში რა არის სირცხვილი – სირცხვილია ოკუპაციის თემით სპეკულირება, სირცხვილია პარლამენტარის მიერ პარლამენტისკენ შტურმით მოწოდება, სირცხვილია ახალგაზრდებით მანიპულირება, სირცხვილია „გავრილოვის რევოლუციის“ დაგეგმვა, რომელიც აღიკვეთა შემდეგ, სირცხვილია პოლიციელზე და პოლიციაზე ძალადობა, სირცხვილია ლაპარაკი იმის, რომ აგვისტოს ომით ამოისუნთქეს, სირცხვილია აგვისტოს ომიდან ორ თვეში მათი მხარდაჭერილი რეზოლუციის „გაპრავება“, თითქოს ეს იყო დიპლომატიური გამარჯვება, ასეთი თავხედობაც ეყოთ. სირცხვილია ტყუილების ლაპარაკი აბსოლუტურად ყველა თემაზე უკვე. სირცხვილია წამების, მკვლელების, სიტყვის თავისუფლების მკვლელებისა და ქონების ჩამომრთმევების მხრიდან მორალზე საუბარი, სირცხვილია ოკუპაციის შედეგებსა და ოკუპაციას უპროტესტებდე „ქართულ ოცნებას“ და თავად იყო „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, ფრაქციის ხელმძღვანელის შეფასებით, მთავარი სირცხვილი „ნაციონალური მოძრაობაა“.

„ნაციონალური მოძრაობაა“ სირცხვილი, მთავარი სირცხვილი ამ ქვეყნის და სანამ ეს იქნება მთავარი ოპონენეტი ნებისმიერი ხელისუფლების, მანამდე ეს სირცხვილი ექნება ჩვენს ქვეყანას სამწუხაროდ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ესწრებიან. ამასთან პროტესტის შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვეს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა. პარლამენტის შენობის გარეთ კი, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია მიმდინარეობს.