მამუკა მდინარაძე - მძიმე პროვოკაციის რისკების დაზღვევის მიზანი ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც შეიძლებოდა, ყოფილიყო შსს-სგან ნიკა მელიას დაკავების გადადების მიზეზი
ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც კანონი ავალდებულებს შსს-ს თუ სხვა უწყებებს, უნდა აღსრულდეს და სახელმწიფომ თავისი როლი უნდა შეასრულოს ისე, რომ მისი შეუსრულებლობა არ გახდეს პროვოკაციის საფუძველი და პირიქით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შსს-ს მხრიდან ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიების გადადების ერთ-ერთი მიზანი რისკების დაზღვევა იყო.
„ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება. ზოგადად, ისინი აცხადებენ და მეც შემიძლია, გავიმეორო, რომ სამართლის უზენაესობა, კანონის უზენაესობა არის მთავარი. ამასთან, ნებისმიერი საკითხის აღსრულების დროს, რაც არის სამთავრობო გუნდის სხვადასხვა მიმართულებების კომპეტენცია, უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებები და ასევე გამორიცხული და დაზღვეული უნდა იყოს შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე ყველა რისკი, რომ ადამიანებს არ შეექმნათ კონკრეტული საფრთხე კონკრეტული აღსრულების პროცესში. ეს არის მთავარი პრიორიტეტი და ამ ხასიათს ალბათ, ახლად არ მიიღებენ „ქართული ოცნებისგან“ და „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებისგან. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რასთან დაკავშირებითაც, ჩნდებოდა სპეკულაციები, საფრთხე, რასთან დაკავშირებითაც, გარკვეული ცუდი ინფორმაციები ჩნდებოდა, რბილად რომ ვთქვათ. ამ შემთხვევაში იყო იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც გეგმავდნენ სხვადასხვა მძიმე პროვოკაციას თუ კონკრეტული ქეისის აღსრულების პროცესი დაიწყებოდა, რისკების დაზღვევის მიზანი არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც შეიძლებოდა, ყოფილიყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი შსს-სგან, თუმცა სხვა კომპონენტებიც იყო. აქედან გამომდინარე, შსს-მ მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუმცა, ზოგადად, ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც კანონი ავალდებულებს შსს-ს თუ სხვა უწყებებს, უნდა აღსრულდეს და სახელმწიფომ თავისი როლი უნდა შეასრულოს ისე, რომ მისი შეუსრულებლობა არ გახდეს პროვოკაციის საფუძველი და პირიქით“, – განაცხადა მდინარაძემ.