მამუკა მდინარაძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტოს მხარდამჭერი არგუმენტები მაინცადამაინც სიმყარით არ გამოირჩევა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებზე, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით, უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა.
ამის შესახებ მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც მაუწყებლობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობენ.
უმრავლესობის დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის ვეტოს მხარდამჭერი არგუმენტები სიმყარით არ გამოირჩევა.
„საკმაოდ მყარი არგუმენტები იყო ერთ და მეორე მხარეს. საბოლოოდ აღმოჩნდა, ბოლო შეხვედრის შემდეგ, რომ პრეზიდენტის ვეტოს მხარდამჭერი არგუმენტები მაინცადამაინც სიმყარით არ გამოირჩეოდა, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ ამ საკითხს და დღეს უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ. ზოგადად ვფიქრობ, რომ არგუმენტები, პრეზიდენტის ვეტო გავიზიარო, არის შედარებით სუსტი.
აქედან გამომდინარე, ჩემი პოზიცია დაახლებით გასაგებია.
როდესაც საუბრობენ, რომ მაგალითად 2012-2013 წლების შემდეგ სარეკლამო ბაზარმა იკლო, ეს არ არის მართალი. ამ არგუმენტის გამოყენება საფუძვლად სხვა დანარჩენი პოზიციისა, რომელიც ამყარებს პრეზიდენტის პოზიციას, არის შეუძლებელი. ასეთი არგუმენტები ისმოდა პარლამენტში ბოლო დღეებში და ადამიანები პარლამენტში დადიან საკამათოდ მხოლოდ გარკვეული მესიჯბოქსით და არა კონკრეტული არგუმენტებით“,- განაცხადა მდინარაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით, უმრავლესობის ფორმატში შეხვედრა მიმდინარეობს.