მამუკა მდინარაძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ყურადღებით გავეცნობით
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, ბევრ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო და ბოლოს ორი სადავო საკითხი დარჩა, რომელიც სტარტაპებისა და კომერციული რეკლამის თემებს ეხება.
როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, საბოლოო ჯამში, გუნდის უფრო დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა იმას, რომ კანონპროექტი არსებული ფორმით გასულიყო.
“მესამე მოსმენა და პრეზიდენტის გადაწყვეტილება წინ გვაქვს და პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ყურადღებით გავეცნობით. გამორიცხული არაფერია, თუმცა ვფიქრობთ, ვეტოს დადების შემთხვევაში, თუ ვეტოც გადავლახეთ და კანონი ძალაში ასე დარჩება, ჩვენ დაკვირვების საშუალება გვაქვს და პროცესებს დინამიკაში შევხედავთ. თუ ერთი წლის განმავლობაში, დაანონსებული რეფორმა და კანონპროექტიდან გამომდინარე რეალური საქმე არ გაკეთდა, კანონიც ჩვენს ხელშია”, – განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტი “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით განხილვას დღევანდელ სხდომაზე გეგმავს.
მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემდეგ, გუშინ გიორგი მარგველაშვილი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდა.