მამუკა მდინარაძე - მარტო იმისთვის შეიძლება ღირდა ფრენების აღდგენა, რომ რუსულ კომპანიებს ჩაესწორებინათ და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ცალკე აღარ მოეხსენიებინათ
მამუკა მდინარაძე - მარტო იმისთვის შეიძლება ღირდა ფრენების აღდგენა, რომ რუსულ კომპანიებს ჩაესწორებინათ და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ცალკე აღარ მოეხსენიებინათ

საქართველოს მხრიდან მკაცრად ითქვა, არცერთი სანქცირებული კომპანია არ იფრენს საქართველოში, მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების მხრიდან სანქციები არ დაეკისრებათ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, კრიტიკას თავი უნდა დაანებოს იმ ხალხმა, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაუხსნეს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებს.

„თქვენ ითხოვთ სანქციების დაწესებას საკუთარი მოქალაქეების მისამართით. ანუ, ოკუპანტმა ქვეყანამ რომ თავისივე დაწესებული სანქციები მოხსნა, ამ სანქციების დაწესებას ითხოვთ. ჩვენს რომელიმე ოპონენტს რომ დაუსვათ კითხვა, რას გააკეთებდა თვითონ, ერთადერთი, რაც შეიძლება გაეკეთებინა, უნდა ჩაეკეტა ფრენები, დაესანქცირებინა საკუთარი მოქალაქეები. ისინი თვითონ რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმს უწესებდნენ და ჩვენ გვამუნათებენ, რომ სანქციები უნდა დავუწესოთ. მეორე – გნებავთ ნახევრად ხუმრობით, გნებავთ სერიოზულად, როგორც გინდათ, ისე მიიღეთ, მარტო იმისთვის შეიძლება ღირდა ამ ფრენების აღდგენა, დავარქვათ თუნდაც დათანხმება (სპეციალურად ვუტრირებ, ყველაზე მძაფრადაც რომ შევიდეთ ამ თემაში), რომ რუსულ კომპანიებს ჩაესწორებინათ და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ცალკე აღარ მოეხსენებინათ, მარტო ამისთვის ღირდა. როდესაც ვამბობთ, რომ პრაგმატული პოლიტიკა არის მომავალი ამ ქვეყნის და მისი გაერთიანების, მათ შორის, სწორედ ასეთ რაღაცებს ვგულისხმობთ. გუშინ მარტო იმ კომპანიამ კი არ „დააედითა“, „ნაცებიდან“ და მისი კლასტერიდანაც ჩვენმა ოპონენტებმა „დააედითეს“ ტყუილები, რომ მიხვდნენ, მარტივი გასაშიფრი იყო, დაასახელეს კომპანია, „აზიმუტო ელევსი“, რომელიც არაფერ შუაში ყოფილა და მეც შემდეგ აღმოვაჩინე, საჰაერო ნავიგაციის განცხადებიდან გავიგე, რომ თურმე საუბარი ყოფილა „აზიმუტ აირლაინსზე“. საზოგადოებას შესთავაზეს პირდაპირი ტყუილი, რომ დასანქცირებულ კომპანიაზე იყო თანხმობა მიცემული საქართველოს მხრიდან. ეს ერთი ტყუილი, მეორე – მათი „ჩაედითება“. კი ბატონო, საქართველო იცავს პრინციპს, „ჩააედითა?“ ძალიან კარგი, რომ რუსულმა კომპანიამ შეასწორა მონაცემი. რაც შეეხება ყველა დანარჩენს, მკაცრად, მკაფიოდ, ხისტად ითქვა საქართველოს მხრიდან, არცერთი სანქცირებული კომპანია საქართველოში არ იფრენს, მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სანქციები არ დაეკისრებათ. ამ ყველაფრის კრიტიკას თავი დაანებოს იმ ხალხმა, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთის მოქალაქეებს გაუხსნეს ვიზები და საზღვარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს ელენე ხოშტარიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც „ავიაკომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავი კომფორტულად ვერ ჩამოფრინდება, ერთად უნდა დადგნენ პირველი ფრენის დროს და აჩვენონ, სად არის ქართული საზოგადოება“, – მდინარაძის თქმით, მსგავსი განცხადებები და საკუთარი მოქალაქეების თვითსანქცირების მოთხოვნა გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

„ელენე ხოშტარია როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს, სულ თავში მიტრიალებს ფიქრი, და შემთხვევით არა, რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესებში რატომ ჯდება ასეთი განცხადებები, ის ხომ ამისი სპეციალისტია, მან ხომ ეს ფაკულტეტი დაამთავრა, ის და მისი ოჯახი ხომ დღემდე იღებს გარკვეულ თანხებს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან, რატომ შეიძლება სჭირდებოდეს ასეთი განცხადებები რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოებას, რა შეიძლება იყოს ამის უკან, ეს ძალიან საინტერესო თემაა, თუმცა არ მინდა ვიკადრო ცალსახა პასუხი ვერსიების დონეზე. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ხალხი რომ ასეთ განცხადებას აკეთებს და საკუთარი მოქალაქეების თვითსანქცირებას ითხოვს, შემდეგ სხვა ეჭვები ჩნდება ხოლმე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო.