მამუკა მდინარაძე მარნეულის საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას „ნაცმოძრაობის“ სცენარს უწოდებს
მამუკა მდინარაძე მარნეულის საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას „ნაცმოძრაობის“ სცენარს უწოდებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მარნეულის საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას „ნაცმოძრაობის“ სცენარს უწოდებს.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, აღნიშნულში ვინც მიიღო მონაწილეობა, კანონის წინაშე აგებს პასუხს.

„რამდენიმე დღის წინ გავავრცელე ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია და ეს ამბავი, რაც დღეს მოხდა, ერთი ერთში წინასწარ მოვუყევი საზოგადოებას. იმ დღესაც ყველას მოვუწოდე, რომ ამაში არ მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ ჭკუა ვერ ისწავლა ვერავინ. ვერავინში ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, ამ განცხადების შემდეგ ცოტა დაფიქრდებიან, ეტყობა, არ დაიჯერეს, რომ კანონის მთელი სიმკაცრით დასჯაზე ვილაპარაკებდით ჩვენი თანაგუნდელების წინააღმდეგ, მაგრამ იმხელა რაღაცას ემუქრება საფრთხე, რომ „ნაცმოძრაობის“ ამ მდაბიო სპექტაკლში ვინც მიიღებს მონაწილეობას, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან დანდობა იქნება უდიდესი დანაშაული. ერთი შეეხება ადამიანს, რომელიც ნამდვილად უნდა დაისაჯოს და მეორე შემთხვევაში, შეეხება ქვეყანას. ისინი ამით აკეთებენ იმ ადამიანების საქმეს, რომლებიც ფიზიკური და სულიერი განადგურებისთვის სწირავენ თავიანთ ამომრჩეველს. იმდენად წარმოუდგენელი კადრები იყო, არ გამოვრიცხავ, რომ ფეიკი იყოს. ჩვენ ხომ ვიცით, რა დავალებებს გავცემთ, მით უმეტეს, რამდენად საქმის კურსში არიან, პროვოკაციების თავის არიდების მოწოდებები რა სიმძაფრით აქვთ ჩვენს წარმომადგენლებს და როცა „ოცნების“ საკრებულოს წევრი ამაში იღებს მონაწილეობას, წარმოუდგენელია, ის არ იყოს შეკრული იმ ხალხთან, ვისაც ასეთი კადრები სჭირდება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები მარნეულის 69-ე საარჩევნო უბნიდან, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი პირი საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრის.