მამუკა მდინარაძე - მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა სავარაუდო ჩაყრის ფაქტი, ვინც ამას აკეთებს, „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განაცხადებით, მარნეულში ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციის მოწყობის შემთხვევები დაფიქსირდა. მისივე თქმით, ამგვარი ქმედებები საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ.
„მარნეულში იყო ეპიცენტრი პროვოკაციების მოწყობის. იცით, რომ ამ საქმით დაკავებული იყვნენ კახა კვეკვესკირი და ჯაბა საჯაია, თუ ქამადაძე. გვარებს ვადგენდი, თქვენ უფრო გეცოდინებათ. როგორც გვეუბნებიან, ეს ორივე ადამიანი დაკავებულია. მათ ადმინისტრაციული გადაცდომა ჰქონდათ და ერთ-ერთი ინციდენტის დროს ისინი დააკავეს. ამ ინციდენტების ეპიცენტრი იყო ერთ-ერთი უბანი, 22-ე საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩევნო უბანი. ამ უბანზე ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაუშვა კადრები, რომელშიც ჩანს სავარაუდო ჩაყრის ფაქტი. იქ, გულწრფელად რომ ვთქვათ, კარგად არ ჩანს, რა მომენტში ყრიან, მაგრამ გვერდიდან ჩანს ქალბატონი, რომელიც სავარაუდოდ ამას აკეთებს. შემდეგ ხელს აფარებს. ამ დეტალებს დაადგენს გამოძიება.
მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ ეს ქალბატონი, რომელიც აჩვენა „ტვ პირველმა“, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრი და აქტიური მხარდამჭერი იზოლდა ქველაძე. ანუ ის ადამიანი, რომლის კადრითაც, პროცესის და „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია სცადა „ტვ პირველმა“, აღმოჩნდა იზოლდა ქველაძე, რომელიც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრი. მე მას არ ვაბრალებ არაფერს, ჩემი აზრით, ამაზე გამოძიებაა დასაწყები, შესაბამისი ორგანოები ამაზე იზრუნებენ. მაგრამ ადამიანი, რომელიც კადრში არ ჩანს ბოლომდე და ამის დადგენაა საჭირო, არ არის არათუ ჩვენი კომისიის წევრი, არამედ ის წარმოადგენს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
ამგვარი კადრებით ცდილობენ პროცესის დისკრედიტაციას, მთელი დღის განმავლობაში ასევე ვნახეთ ორი ფაქტი, სადაც დაფიქსირდა ხელიდან ხელში თანხის გადაცემის ფაქტი. ერთ შემთხვევაში ქმარმა ცოლს გადააწოდა თანხა, მეორე შემთხვევაში, ბათუმში პირიქით, ცოლმა ქმარს გადააწოდა თანხა. ესეც უტყუარად არის დადასტურებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.