მამუკა მდინარაძე - მარგველაშვილი ჩვეულებრივი „ნაცია“, ყოველთვის მათ წისქვილზე ასხამს წყალს და სიცრუის კამპანიაშია ჩართული, მასაც მივმართავ, თქვას, ჩვენ მიერ დაინიცირებულ პროექტში რომელია რუსული პუნქტი
გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრეზიდენტი კი არა, ჩვეულებრივი „ნაცია“. სწორედ მათ წისქვილზე ასხამს ყოველთვის წყალს და სიცრუის კამპანიაშია ჩართული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილსაც მიმართავს, დაასახელოს, „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში რომელი არის რუსული პუნქტი.
„შინაარსში შემოვიდნენ, წივილ-კივილს თავი დაანებონ. ზედმეტი ემოციების გარეშე ვკითხულობ და ბრძანონ, პოლემიკაში შემოვიდნენ. თუმცა მათ პოლემიკაში შემოსვლა არ უნდათ, რადგან არგუმენტები არ აქვთ. ერთი წელი იტყუებოდნენ, საუკუნის აფიორა დადგეს და ახლაც იმავეს აგრძელებენ. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, ვინც ამას დაუჯერა, მაგრამ ახლა აღარ გავატანინებთ. საზოგადოება შარშანდელისგან განსხვავებით გაერკვა. შარშან უფრო მეტი ადამიანი გაება მახეში, წელს გაცილებით ნაკლები ადამიანია და ვიდრე ერთი ადამიანი მაინც რჩება, მანამდე ვიტყვით – პოლემიკაში შემოვიდნენ და თქვან, რომელი პუნქტი და ფრაზაა რუსული. არა რუსულ კანონს რომ იძახიან ზომბირებულად, თქვან, რა არის რუსული“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ოპოზიციას აქვს ზედმეტი დამოკიდებულება პარტნიორებზე, არ უნდა მივყვეთ, რასაც გვეტყვიან საელჩოებში, პროტესტის ტალღა უნდა აგორდეს, მოხდეს რადიკალიზაცია“.