მამუკა მდინარაძე - მარგველაშვილი ამბობდა, რომ უგულავა არ უნდა შეეწყალებინა, ნათელაშვილი კი „ნაცმოძრაობის“ მთავარ ზონდერად მოიხსენიებდა, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების კასკადია
სამწუხაროა, როცა რომელიმე პოლიტიკოსის განცხადება ფაქტებს სცდება, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ეს პოლიტიკოსი გუნდის ყოფილი წევრია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ამ კომენტარით ის „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგი უგულავასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ყოფილი წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა.
„ხშირად მივმართავ მე პირადად ასეთ ხერხს, რომ ვსაუბრობ ფაქტებზე და შეფასებასაც კი არ ვაკეთებ. როდესაც ფაქტები სხვაზე მეტყველებენ და რომელიმე პოლიტიკოსის განცხადება ფაქტებს სცდება, ეს სამწუხაროა, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ეს პოლიტიკოსი გუნდის წევრი იყო. აქედან გამომდინარე, შეიძლება, თავისი მიზანი ამოძრავებდეს, პოლიტიკური ან სამომავლო პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს ადამიანს, რომელიც გუშინ გუნდის წევრი იყო და დღეს ასე აღარ არის. მათი დღევანდელი განცხადებები შეიძლება, არ გამოირჩევა ორიგინალურობით სხვა ადამიანებისგან, რომლებიც ამ ფაქტებს ასევე სუბიექტურად აფასებენ, ეს მათი გადასაწყვეტია, მე ვერ მივუთითებ“ ,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძის თქმით, გიგი უგულავასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსების მხრიდან ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები კეთდება.
„ჩვენ ვხედავთ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების კასკადს. მარგველაშვილი გუშინ თუ ამბობდა, რომ უგულავა არ უნდა შეიწყალოს და სხვადასხვა მიზეზებს ასახელებდა, თუ ნათელაშვილი ასევე ამბობდა, რომ ის იყო მთავარი ზონდერი „ნაცმოძრაობის“, დღეს მათი პოზიციები განსხვავებულია, აქ უკვე საზოგადოება ხედავს ამ ყველაფერს და მათი გადასაწყვეტია რეაგირება, ვინ არის მართალი, რას ამბობდნენ ისინი წარსულში, რამდენიმე წლის წინ და რას ამბობენ დღეს. მე ჩემი შეფასება მაქვს და შეიძლება ვინმე სუბიექტურად აღიქვამს, მაგრამ საზოგადოება ამ ყველაფერს კარგად აფასებს და ამიტომაც არის ისეთი რეიტინგები, როგორიც არის“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.