მამუკა მდინარაძე - მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ნარკოპოლიტიკა იყოს დაბალანსებული და სწორი
მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ნარკოპოლიტიკა იყოს დაბალანსებული და სწორი, რათა დადებითი ასახვა ჰპოვოს ჩვენს მომავალ თაობაზე,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ეპისტოლეზე კომენტარისას განაცხადა.
მისი თქმით, პატრიარქის თითოეული სიტყვა განსაკუთრებით ყურადსაღებია.
„ჩვენი პატრიარქის თითოეული სიტყვა არის განსაკუთრებით ყურადსაღები. მან ჩვენ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გვითხრა, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს მომავალი თაობების მაქსიმალურ დაცულობას და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ და ვზრუნავთ, რომ ერთის მხრივ, დაცული იყოს ადამიანის უფლებები და მისი ინტერესები, მეორე მხრივ, გამკაცრდეს პოლიტიკა იმ ნაწილში, რაც ნარკოტიკების გასაღებას ეხება
ეს მართლაც სენსიტიური თემაა, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ნარკოპოლიტიკა იყოს დაბალანსებული და სწორი, რათა დადებითი ასახვა ჰპოვოს ჩვენს მომავალ თაობაზე” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით – ამის შესახებ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული.
ეპისტოლეში აღნიშნულია, რომ ადამიანი ცდილობს, გაექცეს ამ რეალობას, მაგრამ გზააბნეული ხსნას ძირითადად ნარკოტიკის მოხმარებაში ხედავს, რითაც მდგომარეობას კიდევ უფრო ირთულებს.