მამუკა მდინარაძე - მაქსიმალური რისკფაქტორების გათვალისწინებით ვუჭერთ მხარს უკრაინას, სანაცვლოდ მივიღეთ, რომ მიშა სააკაშვილს კლავენ და აწამებენ, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა, ჩვენ - მწამებლები და რომ საქართველო პირდაპირ უნდა ჩაერთოს ომში
მამუკა მდინარაძე - მაქსიმალური რისკფაქტორების გათვალისწინებით ვუჭერთ მხარს უკრაინას, სანაცვლოდ მივიღეთ, რომ მიშა სააკაშვილს კლავენ და აწამებენ, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა, ჩვენ - მწამებლები და რომ საქართველო პირდაპირ უნდა ჩაერთოს ომში

ყველა ქვეყანა მოქმედებს თავისი ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩვენც ასე ვიქცევით, ოღონდ მაქსიმალურად ზღვარს მიღმაც კი, რისკფაქტორების გათვალისწინებით ვუჭერთ მხარს უკრაინას და რა მივიღეთ სანაცვლოდ? სანაცვლოდ მივიღეთ მათი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პიარკამპანიაში ჩართვა, რომ მიშა სააკაშვილს კლავენ და აწამებენ, მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა, ჩვენ ვართ მწამებლები და რომ საქართველო პირდაპირ უნდა ჩაერთოს ომში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მისი თქმით, ამას არ მიიღებს ის ადამიანი, ვინც ოდნავ მაინც საღ აზრთან ახლოს არის, რაღაც ახსოვს გუშინდელი დღიდან. მდინარაძის განცხადებითვე, ამ მოწოდებების ფონზე, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, არჩილ თალაკვაძის უკრაინაში ვიზიტი არარელევანტური იქნებოდა.

„რაც არ უნდა გასაოცრად მოგეჩვენოთ, დღეს, სხვათა შორის, თქვენმა ერთმა კოლეგამ ვერ გაიხსენა, სად იყო ასეთი განცხადებები. მიხვდებით ალბათ, რომელი და ვისი ტელევიზიიდან იყო. ამ მოწოდებების ფონზე, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, არჩილ თალაკვაძის ვიზიტი არ მივიჩნიეთ რელევანტურად. ეს იყო მინიმალური ჟესტი იმისათვის, რომ გვეთქვა – თქვე კარგო ხალხო, როდესაც ჩვენ ასეთ რამეს ვაკეთებთ და იცით, რას ვრისკავთ, ჩვენი ქვეყნის შუაგულში საოკუპაციო ჯარი დგას, იმ ტერიტორიაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა, თქვენ რომ დღეს ასე მხარს უჭერთ, ჩააბარა ამ ხალხს, გაუფორმა და მერე ხელიც მოუწერა ყველაფერზე, რაც კი სჭირდებოდათ, ამ ჯარის რისკი რამდენად დიდია, იცით და მიუხედავად ამისა, ომში ჩართვას გვაძალებთ, მოგვიწოდებთ პირდაპირი, ღია ტექსტებით და გვაბრალებთ, რომ ჩვენ ვაწამებთ აქ ვიღაცას – შესაბამისად, ეს ელემენტარული ჟესტი იყო, ყოველგვარი ზედმეტი რაღაცების გარეშე. საერთოდ არც ვლაპარაკობდით ამ თემაზე, რომ არ მოეტყუებინა ბატონ ვაშაძეს, თითქოს წარმოდგენა არ ჰქონდა და თურმე შემთხვევით გაიგო. ყოველწუთიერ ურთიერთობაშია უკრაინელებთან, თუკი რამე გაფაჩუნდება, პირველი ის იგებს და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, და თურმე ეს შემთხვევით გაუგია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.