მამუკა მდინარაძე - მამუკა ხაზარაძე გუშინდელი დღიდან არის თვითგამოცხადებული ოლიგარქი, თავისივე პირით აღიარა, რომ გავლენები აქვს ტელევიზიებზე
ასეთი წამოცდენები ძალიან კარგია, რადგან ბუნებაში რაღაც სიმართლე რომ არსებობს, ის არ იმალება. მამუკა ხაზარაძე გუშინდელი დღიდან არის თვითგამოცხადებული ოლიგარქი. აქვს ბევრი ფული, გავლენები პოლიტიკაზე და თავისივე პირით აღიარა, რომ გავლენები აქვს ტელევიზიებზე, ფლობს ტელევიზიებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მგონი, „არტარეა“ ისედაც ვიცოდით და „ტვ პირველზე“ ასეთი აღიარება ჯერ მოსმენილი არ გვქონდა. ხაზარაძემ თქვა, რომ მასზე იყო დამოკიდებული სარედაქციო პოლიტიკა და არ შეუცვლია, პრინციპულად დადგა, ეს ნიშნავს აღიარებას, ერთი მხრივ. პრინციპებზე იყო გონებით გადართული, რომ მე პრინციპული კაცი ვარო, ამის თქმა უნდოდა, როგორ, შეიცვალაო? მე არაფერი შემიცვლია რაღაცების მიუხედავადო, ამ დროს შემოეაღიარა ხელში, რომ ის არის თვითგამოცხადებული ოლიგარქი. ოღონდ ეს ყველაზე მძიმე ცოდვა არ არის, ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი „ნაცი“ ოლიგარქი, იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს მიღებული მონაწილეობა „ნაცმოძრაობის“ მიერ ცხრა წლის განმავლობაში განხორციელებულ სერიოზულ რეკეტში, „ნაცმოძრაობის“ მიერ განხორციელებულ ადამიანების, ბიზნესმენების რეკეტსა და ყვლეფაში, გაკულაკებაში, როგორც ამას ხშირად იტყვიან ხოლმე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე „არის თანამოზიარე „ნაცმოძრაობის“ ბნელი წარსულის“.
ცნობისთვის, პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკა არ შეუცვლია. მამუკა ხაზარაძეს ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემაში სტუმრობისას კითხვა დაუსვეს 2019 წლის პერიოდზე, როდესაც მამუკა ხაზარაძე ამბობდა, რომ გადასცეს მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას მუქარის წერილი, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, „არტარეასა“ და „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ითხოვდა.
„გიორგი გახარიას წერილის რომელი პუნქტი შევასრულე, „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკა შევცვალე თუ „არტარეამ“, კულტურის მაგივრად, პოლიტიკის მაუწყებლობა დაიწყო?“ – აღნიშნა ხაზარაძემ.