მამუკა მდინარაძე მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე - სახელმწიფომ თავიდან აიცილა ძალიან სერიოზული დანაშაული და უბედური შემთხვევა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მთელი მსოფლიო რასაც ერთ-ერთ ნომერ პირველ გამოწვევად მიიჩნევს, საქართველოში პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებენ.
ჟურნალისტებთან საუბარში მდინარაძე მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ თავიდან აიცილა ძალიან სერიოზული დანაშაული და უბედური შემთხვევა .
მისი თქმით, სამართლებრივი შეფასება, მტკიცებულებების მოპოვება გამოძიების საქმეა.
„თუ სამართლებრივი ანალიზის შედეგად შესაბამისი საფუძველი იქნება, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ დღეს ერთი მონაცემი გვაქვს, რისი მიხედვითაც, განზრახვას ადგილი ნამდვილად ჰქონდა. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა არასახელმწიფოებრივად ფიქრობს, აზროვნებს და საუბრობს. ფაქტია, რომ მთელი მსოფლიო რასაც ერთ-ერთ ნომერ პირველ გამოწვევად მიიჩნევს, ჩვენთან პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებენ. პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ტერორიზმისა და ამ თემის გამოყენებაზე მეტი ანტისახელმწიფოებრივი რა შეიძლება იყოს, არ ვიცი. დაკავება-არდაკავება სამართალდამცავების საქმეა, იქ არის ბევრი იურიდიული ნიუანსი, რითაც საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ. ეს იყო მომზადების ეტაპი, განზრახვის გახმოვანებისთანავე აღკვეთილი დანაშაული თუ სხვა, ეს იურიდიული ნიუანსებია, რაზეც სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ, მათ შორის ავთენტიკურობის ნაწილში”, – განაცხადა მდინარაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.