მამუკა მდინარაძე - მაიამიში მიხეილ სააკაშვილის რამდენიმემილიონიანი ქონება რა გზით არის მოპოვებული, ამაზე პასუხი საზოგადოებას თავად ექნება
მამუკა მდინარაძე - მაიამიში მიხეილ სააკაშვილის რამდენიმემილიონიანი ქონება რა გზით არის მოპოვებული, ამაზე პასუხი საზოგადოებას თავად ექნება

რამდენიმეკვირიანი დუმილის შემდეგ მიხეილ სააკაშვილსა და მის ოჯახს მოუწია აღიარება, რომ ეს მრავალ მილიონიანი ქონება მათ ეკუთვნით ნამდვილად, ოღონდ რამდენიმე კვირა იფიქრეს ამაზე და ახლა მოიფიქრეს ახალი პიარ სტრატეგია, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს ბინა ეკუთვნის მის ბიძას და არა მას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტი მრავალმილიონიან ქონებას ფლობს, თუმცა ევროპაში ხალხს ეხვეწება, რაღაც გროშები ჩაურიცხონ.

„ერთადერთი ეს იყო, რაც მოიფიქრეს, რადგან იმდენად უტყუარი ინფორმაცია აღმოჩნდა, შეძენის ფაქტი ნამდვილად ვერ უარყვეს. მრავალმილიონიანი ქონება მაიამიში, რომელიც ეკუთვნის ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც თავს გვაცოდებს, რომ ფული არ აქვს და ევროპაში ხალხს ეხვეწება, რაღაც გროშები ჩაურიცხონ. ეს რას ნიშნავს, ალბათ ხალხმა უნდა განსაჯოს და ამას ლაპარაკიც არ სჭირდება. აქ არის ყველაფერი ხელის გულზე, ყველაფერი ნათელია და ამას მიხეილ სააკაშვილის ცრემლები ვეღარ უშველის. არის ფაქტობრივად უტყუარი, დადასტურებული ფაქტი, რომ ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე მილიონიან ქონებას ფლობს მაიამიში და ეს ქონება რა გზით არის მოპოვებული, არის მარტივი კითხვა, რომელზეც საზოგადოებას ექნება თავად პასუხი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.