მამუკა მდინარაძე - მადლობა ყველა ევროპელს, თუ რაიმეთი გვერდით დასდგომიან ამ ქვეყანას, მაგრამ ზედმეტს ნუ დაიბრალებენ, კრედიტს თუ მაძლევ, მე ამით დაგეხმარეო, ნუ მამუნათებ და მამადლი
მადლობა ყველა ევროპელს, თუ რაიმეთი გვერდით დასდგომიან ამ ქვეყანას, მაგრამ ზედმეტს ნუ დაიბრალებენ, კრედიტს თუ მაძლევ, მე ამით დაგეხმარეო, ნუ მამუნათებ და მამადლი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძეს კითხვა დაუსვეს საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „2012 წლიდან, საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკამ – 415 მლნ ევრო, სოციალურმა დაცვამ კი 201 მლნ ევრო, ეს იმ ფონზე, როდესაც შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება არ არსებობს საფრანგეთიდან“.
მდინარაძის თქმით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, კრედიტი კრედიტია, გრანტი გრანტია.
„დიდი მადლობა ყველა ევროპელს, თუკი რაიმეთი გვერდით დასდგომია ამ ქვეყანას, მაგრამ ზედმეტს ნუ დაიბრალებენ და ნურც ჩვენ დაგვაბრალებენ. კრედიტი კრედიტია, გრანტი გრანტია. საქართველო დღეს უკვე იმ დონეზე დგას, რომ ეკონომიკურადაც შეუძლია, თავისი პროექტები თავადვე დააფინანსოს. ძალიან კარგია გარედან დახმარება, კარგია ეკონომიკურად უფრო ძლიერი ქვეყნის მხრიდან მხარში ამოდგომა, მაგრამ კრედიტს თუ მაძლევ, მე ამით დაგეხმარეო, ნუ მამუნათებ და მამადლი. რომელიმე ბანკმა რომ თქვას, დაბალპროცენტიანი კრედიტი მივეცი ჟურნალისტს და ჩემ წინაშე ვალდებულებები აქვსო, ვალდებულება გაქვს ფინანსური, მაგრამ მორალურ ვალდებულებებს ნუ დაამატებს კრედიტის გამცემი.
მადლობას ვუხდით იმისათვის, რაც გააკეთეს, მაგრამ რაც არ გაუკეთებიათ, იმაზე თითის ქნევა მადლობის მისაღებად არ გამიგია. რაც გააკეთეს, იმაზე გადავუხადოთ მადლობა. გახსოვთ, სოფლის მეურნეობის თემაზე რომ ლაპარაკობდნენ, მაგალითად, დონორებისგან სოფლის მეურნეობაში სულ რამდენი იხარჯება? მაქსიმუმი არის ათი მილიონი დოლარი და სახელმწიფო იმავე პროექტებზე, თუ არ ვცდები, დაახლოებით 300-დან 400 მილიონამდე ლარს ხარჯავს, რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს. უნდათ, ათი მილიონი დოლარი უფრო დიდად გამოჩნდეს, ვიდრე ასეულობით მილიონი. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, იმ ათი მილიონი დოლარის მადლობა გადავუხადოთ და ამასობაში მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ იმავე პროექტებსა და საქმეში საქართველოს ბიუჯეტის მხრიდან ასეულობით მილიონი იხარჯება. მადლობა ათი მილიონისთვის, მაგრამ ესეც გავიხსენოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, რაღაცებს რომ გვამადლიან. მადლობა, რაც გაგიკეთებიათ. ნატო-ს მისიებში ჩვენი წვლილი შევიტანეთ, ბიჭები დაგვეხოცნენ და ასეულობით დასახიჩრებული, შშმ პირი გვყავს. ჩვენი როლი შევასრულეთ, მათ შორის, რაღაც გაგებით, ფინანსური, ეკონომიკის თვალსაზრისითაც, პირველ რიგში კი, სისხლი გავიღეთ. ცალმხრივად არ ვართ ურთიერთობებში და ნურავინ გამოიყვანს ისე, რომ რაღაც ხელგაწვდილის როლში ვართ. დღეს რომ ამის ლაპარაკი შეგვიძლია, პირადად მე ამით ამაყი ვარ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.