მამუკა მდინარაძე - მადლობა უნდა ვუთხრათ უკრაინელებს, 2008 წელს რომ მოგვყიდეს იარაღი, ოღონდ, კონტექსტი ისეთია, თითქოს ომის დღეებში გადმოგვცეს იარაღი, რაც ასე არ ყოფილა
როგორც კი საქართველო ასეთ ნაბიჯს გადადგმას, ეს ნიშნავს მხარედ დაფიქსირებას სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, რაც ომის რისკს ასმაგად ზრდის და საქართველოს ომის რისკის გადატანა ძალიან გაუჭირდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
კერძოდ, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ანდრეი კასიანოვის იმ განცხადებას, სადაც კასიანოვი აღნიშნავს: „სამწუხაროდ, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობისგან არ მიგვიღია პასუხი უკრაინისთვის როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებაზე“.
„ომის ნარატივი გახსოვთ – პირველი ტალღა იყო ძალიან მძლავრი, თავისი თვითმფრინავების გაგზავნის მოთხოვნით. ქვეყნის შიგნით და გარეთ ეს მოთხოვნა ძალიან მკაფიოდ იყო გახმოვანებული, რაც ნიშნავდა ომში პირდაპირ ჩართვას. მიზანი იყო, მხარედ დაფიქსირდეს საქართველო სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში. ახლა, როცა შედარებით მინელდა ომის მოთხოვნის ტალღა, როდესაც ქართული საზოგადოების უმრავლესობა ჩამოყალიბდა მშვიდობაზე, დღეს როცა მიხვდნენ, რომ ეს პიარკამპანია ჩავარდა, ეცადნენ ახალი ტალღის აგორებას და ბოლო დღეებში ბევრი მსგავსი მესიჯი მოვისმინეთ, რაც დააგვირგვინა გაჭრილად, შეიარაღების გადაცემის პირდაპირმა მოთხოვნამ. როგორც კი საქართველო ასეთ ნაბიჯს გადადგმას, ეს ნიშნავს მხარედ დაფიქსირებას სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, რაც ომის რისკს ასმაგად ზრდის და საქართველოს ომის რისკის გადატანა ძალიან გაუჭირდება. არავინ საუბრობს იმაზე, რომ უკრაინელი ბავშვები უკრაინულად სწავლობენ, ჰუმანიტარულ დახმარებაში ნომერ პირველები რომ ვიყავით, არავინ საუბრობს, რა პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ ხალხს. მხოლოდ ერთი რაღაც გამოვარდა და ეს ერთი ხარვეზი სპეკულაციის საგანი გახდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ „იმედი ლაივის“ ეთერში.
რაც შეეხება ანდრეი კასიანოვის განცხადებას, უკრაინის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების თაობაზე, მდინარაძის თქმით, მადლობელი არიან 2008 წელს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ასევე, მადლობას უხდიან უკრაინელებს „2008 წელს საქართველოსთვის ირაღის მიყიდვისთვის“. თუმცა, მამუკა მდინარაძის განმარტებით, არ უნდა გახმოვანდეს ისეთი მესიჯები, რაც საქართველოს მოსახლეობას შეცდომაში შეიყვანს.
„ჩვენ არ უნდა ვაყვედრიდეთ რამეს ერთმანეთს. არც ერთი რეაქცია ჩვენი მხრიდან არ ყოფილა პროაქტიული. ჩვენ არ დაგვიწყია აბსოლუტურად არაფერზე საუბარი. 90-იან წლებში ძალიან პოზიტიური როლი გვახსოვს უკრაინელების. მადლობა უნდა ვუთხრათ, ვიდრე ცოცხლები ვიქნებით, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. მათ შორის მადლობა უნდა ვუთხრათ მათ, 2008 წელს რომ მოგვყიდეს იარაღი. ოღონდ, ომის დღეებში ეს არ ხერხდებოდა. ისე გამოდის, კონტექსტი ისეთია, თითქოს ომის დღეებში გადმოგვცეს იარაღი. ეს ასე არ ყოფილა. არავის ამაზე არ უსაუბრია დღევანდელ დღემდე, ვიდრე არ გაჩნდა საფრთხე, რომ რაღაც სპეკულაციურ მესიჯს შეუძლია, ხალხი შეცდომაში შეიყვანოს. იყვნენ ინსტრუქტორები ომამდე, რომლებსაც ეძლეოდათ ხელფასი და რომლებმაც გარკვეული შეიარაღებაც გადმოგვცეს. როცა საუბრობენ, რომ ჩვენ დაგეხმარეთ – კი ბატონო, პოლიტიკური მხარდაჭერა იყო, პრეზიდენტი იყო ჩამოსული და მადლობა ამისთვის, მაგრამ არ უნდა გაახმოვანო ისეთი მესიჯები, რაც საქართველოს მოსახლეობას შეცდომაში შეიყვანს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „საქართველოს ხელისუფლება და საქართველო აკეთებს მაქსიმუმს, გადის შესაძლებლობების ზღვარზე და ზღვარს მიღმა უკრაინის დასახმარებლად“.
„მხარედ დაფიქსირების თავი შეიძლება, დღეს ჰქონდეს აშშ-ს და ასეც იქცევა. სამხედრო მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, აფინანსებს ამ მიმართულებითაც. არანაირი რეალური მოლოდინი იმისა, რომ ჩვენ ისეთ სამხედრო ტექნიკას და საბრძოლო მასალას გადავცემთ, ამოისუნთქავს უკრაინის ჯარი – ეს ხომ სიგიჟეა, უბრალოდ მიზანია, ახალი ტალღა ამოწიონ და წამოვიდეს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა რამენაირად დაფიქსირდეს საქართველო, როგორც შეიარაღებული კონფლიქტის მხარე და ეს ქვეყანა ჩაერთოს ომში, აქ გაიხსნას მეორე ფრონტი“, – განაცხადა მდინარაძემ.