მამუკა მდინარაძე - მადლობა ჩვენს აქტივისტებს, რომლებიც უძლებენ უამრავ პროვოკაციას, რათა არ დაზიანდეს საარჩევნო გარემო
მამუკა მდინარაძე - მადლობა ჩვენს აქტივისტებს, რომლებიც უძლებენ უამრავ პროვოკაციას, რათა არ დაზიანდეს საარჩევნო გარემო

მინდა, მადლობა გადავუხადო ათასობით და ათი ათასობით აქტივისტს, რომლებიც ამ დღეებში, ჩვენი მოწოდების შესაბამისად, უძლებენ უამრავ პროვოკაციას, რათა არ დაზიანდეს საარჩევნო გარემო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ათობით შემთხვევა არის რეგიონებში ყოველდღიურად, რომელზეც შეიძლება მოხდეს წამოგება.

„მადლობას ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ემორჩილებიან, ითავისებენ და იზიარებენ ჩვენ მოწოდებას, რომ არ დაზიანდეს წინასაარჩევნო გარემო და ნაცმოძრაობის, მისი დაჯგუფებების ადგილობრივი წარმომადგენლების პროვოკაციებს არ ჰყვებიან არც ერთ შემთხვევაში“, – განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, როგორც შეაფასებდა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა: „ასეთი გზავნილები ჩვენს მიერაც ყოველდღიურად ვრცელდება. მისასალმებელია ჩვენი მთავარი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან, რომელიც ძალიან ობიექტურად უძღვება პროცესს. თქვენ ალბათ ხედავთ, რომ ის მოვლენების ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური შემფასებელია“.