მამუკა მდინარაძე - ლიეტუველი კოლეგის განცხადებები გასაკვირია, ტერიტორიების ოკუპაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ტკივილია და მიუღებელია, თუ ვინმე ამ ტერიტორიებს დაკარგულად მოიხსენიებს
წარმოუდგენელია, არ გამოვეხმაურო ერთ განცხადებას, როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის კონკრეტული წარმომადგენელი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობს, ფასილიტატორის როლი შეასრულოს, რაც ვფიქრობ, ცოტა გასაკვირია, რადგან ამ როლს შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე საკმაოდ წარმატებით ართმევენ თავს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები, საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩი, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ ძალინ დიდი მადლობა უნდა გადვაუხადოთ, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებას.
მდინარაძემ პავილიონისის განცხადებიდან ყურადღება გაამახვილა ოკუპაციის თემაზე, როდესაც ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა – „ლიეტუვაში ყველა პოლიტიკური ლიდერი სტრატეგიული მიზნებისთვის ყოველთვის ერთად ვდგავართ, ეს გაკვეთილი საქართველომ ვერასდროს ისწავლა, თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ?“
მდინარაძის თქმით, ტერიტოროების ოკუპაცია ერთ-ერთი მთავარი ტკივილია და ამგვარი განცხადებები მიუღებელია.
„რბილად რომ ვთქვათ, უცნაური და გასაკვირია ჩვენი ლიეტუველი კოლეგის, კონკრეტული ადამიანის განცხადებები. ბოლოს, როგორც აღმოჩნდა, მის განცხადებებში ასეთი ფრაზაც იყო, რომ თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა იმედს კარგავთ. მსგავსი განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით თუ ვინმეს ჰქონია, რომ რაღაც ანექსიაზე უნდა ილაპარაკოს, ჩვენ ამისთვის არ ვართ განწყობილებები და არასდროს განვეწყობით ამგვარად. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ტკივილია. აბსოლუტურად მიუღებელია, თუ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვინმე დაკარგულად მოიხსენიებს. ამას ქართველი, საქართველოს მოსახლეობა, საქართველო არასდროს შეეგუება. მსგავსი ფრაზები ნებისმიერი ადამიანის განცხადებაში მიუღებელია, მიუხედავად ჩვენი პატივისცემისა კონკრეტული ადამიანების მიმართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.