მამუკა მდინარაძე - „ლელო“ ცდილობს, საზოგადოებას განცდა გაუჩინოს, რომ ექვსი პროცენტი აქვს, ამით საკუთარ თავს ჰყიდიან, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ცდილობენ
„ლელო“ ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს და ცდილობს, საზოგადოებას განცდა გაუჩინოს, რომ ექვსი პროცენტი აქვს. ამით საკუთარ თავს ჰყიდიან, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ცდილობენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ექვსი პროცენტი მოგონილია ამომრჩევლის დასაიმედებლად, რომ საარჩევნო ბარიერს ლახავენ.
„საერთო წარსულიდან, აწმყოდან და მომავლიდან გამომდინარე, ასევე ჰყიდიან თავის თავს, როცა რეპრესიებს აანონსებენ და ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი წავა მოსკოვშიო. ამ დაზეპირებული მესიჯბოქსის შემდეგ წამოცდებათ, რომ ხაზარაძე პროკურორი არ არის. ვინმემ გაიგეთ, რა შუაშია პროკურორობა ვინმეს მოსკოვში წასვლასთან? ადრე იყო გაციმბირება, ახლა ხაზარაძემ პირობები გააუმჯობესა და მოსკოვში გადასახლებას გვპირდება. ხაზარაძე ვერასდროს გასცემს კითხვას პასუხს, მის გამოგონილ მესიჯბოქსშიც კი, რა შუაშია პროკურორის როლი? ეს ექვსი პროცენტი იმისთვის არის შემოტანილი, რომ ადამიანები დააჯერონ, საარჩევნო ბარიერს გადალახავენ, თან ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობენ. ექვსი პროცენტი მოგონილი, გაბერილია, რათა თავიანთი ამომრჩეველი დააიმედონ, რომ საარჩევნო ბარიერს გადალახავენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.