მამუკა მდინარაძე - ლავროვს არავინ ეკითხება, ქართული სახელმწიფო რა კურსს აიღებს, ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა აღიარებს, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ნატო-სთან და ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც დღეს
ლავროვს არავინ ეკითხება ქართული სახელმწიფო რა კურსს აიღებს, ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა აღიარებს, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ნატო-სთან და ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც დღეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია.
„პირდაპირ გეტყვით, ლავროვს არავინ ეკითხება ქართული სახელმწიფო რა კურსს აიღებს. ქართული სახელმწიფოს კურსი არის არა მხოლოდ სიტყვით, როგორც „ნაცები“ დეკლარირებდნენ რაღაცებს, არამედ საქმით განმტკიცებული. თავისი ვიზალიბერალიზაციით, სწრაფვითა და იმ აღიარებით, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა აღიარებს – საქართველო არასდროს ყოფილა ნატო-სთან და ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც დღეს. ეს ჩემი სიტყვები არ არის, პარტნიორების სიტყვებია.
საქართველომ უზრუნველყო 2017 წელს, მარტო „ქართულმა ოცნებამ“ კი არა, საქართველომ უზრუნველყო, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა, პრინციპის დონეზე იქნა ატანილი, რომ არის ერთადერთი ურყევი კურსი, ეს არის ევროპული კურსი, გაერთიანება და დაბრუნება ევროპულ ოჯახში, ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება და მისი წევრობა. ეს არის საქართველოს კურსი, რომელიც აისახა კონსტიტუციაში. ახლა ვინ რას ილაპარაკებს, იქ ლავროვი და აქ „ნაცები“, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.