მამუკა მდინარაძე - პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსება მიბმულია ბარიერის გადალახვასა და საპარლამენტო საქმიანობაზე, თვალების ფერისთვის პარტიას ფულს არავინ აძლევს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით ერთადერთი კრიტერიუმი, რაზეც მიბმულია პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსება, ბარიერის გადალახვა და საპარლამენტო საქმიანობაა.
მისივე შეფასებით, თუ პარტია უარს ამბობს საპარლამენტო საქმიანობაზე, ის ხალხის ფულით არ უნდა დაფინანსდეს, ხოლო თუ პარტია საპარლამენტო საქმიანობაში რამე ფორმით, თუნდაც, პოლიტიკური ბოიკოტით მონაწილეობს, მას დაფინანსება უნდა მიეცეს.
„მეტი კრიტერიუმი არ არის. თვალების ფერისთვის და სხვა გარემოებებისთვის პარტიას ფულს არავინ აძლევს. პარტია, რომ გახდა საპარლამენტო პარტია, ამიტომ იღებს ბიუჯეტიდან დაფინანსებას. დაფინანსების სხვა კრიტერიუმი არ არსებობს. თუ პარტია მთავარი კრიტირიუმის უზრუნველყოფაზე უარს ამბობს – არ ერთვება საპარლამენტო ცხოვრებაში, თუნდაც, პოლიტიკური ბოიკოტის ფორმით, ამ შემთხვევაში მას უნდა ჰქონდეს თუ არა დაფინანსება?
ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ პარტია უარს ამბობს საპარლამენტო საქმიანობაზე, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსებას სწორედ საპარლამენტო საქმიანობის განხორციელებისთვის იღებს, ის ხალხის ფულით არ უნდა დაფინანსდეს. თუ პოლიტიკური პარტია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას იღებს რამე ფორმით, თუნდაც, პოლიტიკური ბოიკოტით, მას დაფინანსება უნდა მიეცეს. ამ კანონის ამოქმედების ვადის შემდეგ, პარტიებს შეზღუდული არ აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ რამე ისეთი ქმედება, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ, თავად განსაზღვრონ, ამ კანონის შესაბამისად მიიღებენ თუ არა დაფინანსებას. ანუ, პარტიას საშუალება ექნება, დაფინანსება მისი ქმედებიდან გამომდინარე მიიღოს, ან – არა“, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, თუ პარტია გადაწყვეტს, რომ კანონის ამოქმედების მიუხედავად, პარლამენტის მუშაობაში რამე ფორმით მიიღოს მონაწილეობა, „თუნდაც, ხუთი წუთი მაინც დაესწროს სხდომას, ასეთ შემთხვევაში მას დაფინანსება მიეცემა“.
„ამის განმსაზღვრელი თავად არის თავისი ქმედებით. პარტიას თავად შეუძლია, დაფინანსებაზე თავისი ბედი თავად განსაზღვროს. ოპოზიციას კითხვით მივმართავ – პარტიული დაფინანსება მხოლოდ ხმებზეა, თუ ხმების რაოდენობა განსაზღვრულია ფორმულით და პარტიული დაფინანსება იმ პარტიებს ეძლევათ, ვინც ბარიერი გადალახა და საპარლამენტო პარტიები გახდნენ? მანიპულაცია აქ არის – ხმები გამოიყენება მხოლოდ ფორმულის დასათვლელად. დაფინანსება იმ პარტიას რატომ არ ეძლევა, რომელმაც 10 ათასი ხმა მიიღო? იმიტომ არ ეძლევა, რომ ის ვერ გახდა საპარლამენტო პარტია.
ოპოზიცია სწორედ აქ იტყუება და სიმართლეს ცვლიან. საპარლამენტო პარტიას დაფინანსება ფორმულის საშუალებით ეძლევა. ფორმულა დაფინანსების მიღების განმსაზღვრელი არ არის, დაფინანსების მიღების წყაროა ბარიერის გადალახვა, რომ საპარლამენტო პარტია გახდე. თუ ვინმე იტყვის, რომ სახელმწიფო დაფინანსებას ფორმულით აკეთებს, ამ შემთხვევაში, ეს იქნება შეცდომა და ტყუილი. თუ ვიტყვით, რომ პარტია როგორც კი საპარლამენტო ხდება, შემდეგ იღებს დაფინანსებას, ამ შემთხვევაში, ჩვენი ლოგიკა სწორია. კანონის დათქმაა, რომ პარტია დაფინანსებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საპარლამენტო პარტია ხდება. დანარჩენი კითხვები სამართლებრივად არარელევანტურია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება კითხვას, „3 დეკემბერს ცესკო-მ ოქმები გამოაქვეყნა და მათ დაფინანსება ეკუთვნით, ამ მიმართულებით რას აპირებთ?“, – მდინარაძე პასუხობს: „კანონი წარმოადგენს ამოქმედების შემდეგ და არა მანამდე პერიოდზე გასავრეცელებელ რეგულაციას. როცა ამოქმედდება, ამის შემდეგ მოქმედებს კანონის ყველა დათქმა და მათ ქმედებაზე დამოკიდებულებაც ამის შემდეგ ვრცელდება, არა მანამდე. ბუნებრივია, მანამდე რა იყო, პარლამენტის სხდომას დაესწრო თუ არა, ეს მნიშვნელობას კარგავს, თუ კანონის ამოქმედების ვადა წინ გადაიწევს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტთა პაკეტი, რომლის თანახმად, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.
გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.