მამუკა მდინარაძე - კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა იყო კონკრეტული შედეგებით გაჯერებული, თბილისში იგეგმება საელჩოს გახსნა, იქნება მეტი მხარდაჭერა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ჰიუნდონგ ჩოსთან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა იყო კონკრეტული შედეგებით გაჯერებული.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კონკრეტულ შედეგებს შორის ერთ-ერთი არის ის, რომ თბილისში სამხრეთ კორეის საელჩოს გახსნა იგეგმება.
„შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ეს იყო ძალიან კონკრეტული შედეგებით გაჯერებული შეხვედრა. მათი მხრიდან მიზანშეწონილობის კვლევა დასრულებულია. შესაბამისად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე დაიწყება მოლაპარაკებები, რეზოლუციებზე მხარდაჭერა იქნება, რაზეც ამდენი ხანი თავს იკავებდნენ. თბილისში სამხრეთ კორეის საელჩო არ იყო, აქამდე მხოლოდ წარმომადგენლობა იყო და საელჩოს გახსნაც იგეგმება. ტექნოლოგიებში იქნება მეტი მხარდაჭერა, გაძლიერდება დეოკუპაციის პოლიტიკის მხარდაჭერა და ა.შ. ეს ის კონკრეტული შედეგებია, რაც ამ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ეს ამბები ძალიან მალე პოზიტიურად ჩაივლის და ეს შედეგი ძალიან გვახარებს, რადგან დაახლოებით ერთსაათიან შეხვედრაში ამდენი პოზიტიური ამბავი მარტივად მოსალოდნელი არ იყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.