მამუკა მდინარაძე - კონსტიტუციაში 2017 წლის ჩანაწერზეც კი გვეუბნებიან, ამოიღეთო, თურმე უნდა დავაკანონოთ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ვენეციის კომისიის ბოლოდროინდელი რეკომენდაციები მიუღებელია
ბოლო დროს ვენეციის კომისია საქართველოსთვის მიუღებელ რეკომენდაციებს იძლევა. ერთ შემთხვევაში თუ ის ამბობს, რომ სარჩევნო კოდექსში ჩავდოთ მექანიზმი, რომელიც საბოტაჟის საშუალებას მისცემს პარტიებს, თანაც რადიკალურ პარტიებს, მგონია, რომ ეს განზრახ არის. უკაცრავად, თუ ვინმეს რამეს ვაბრალებ, მაგრამ უკვე აშკარად იკვეთება ნიშნები, რომ საბოტაჟის საშუალება მიეცეთ პარტიებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, სწორედ ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე ცდილობენ ხელისუფლების ოპონენტები, დაამკვიდრონ ცრუ ნარატივი, თითქოს ცესკო ერთპარტიულია.
„ჩვენი ოპონენტები შემდეგ გამოდიან და აბსოლუტურად სპეკულაციურად, ამის გამოყენებით ამბობენ, რომ ცესკო ერთპარტიულია. ჩვენი ჩათვლით, ცხრა პარტიაა წარმოდგენილი, მათ შორის, რვა ოპოზიციური პარტია და რვა პროფესიული წევრი. პარტიული წარმომადგენლობა, ზოგადად, უფრო მეტია. შესაბამისად, ერთპარტიულობა არის ცრუ ნარატივი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებმა და პოლიტიკოსებმა დანერგეს, მათ შორის, ვენეციის კომისიის ამ მცდარი დასკვნის გამოყენებით“, – აღნიშნა მდინარაძემ საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული მოსაზრებების შეფასებისას.
მამუკა მდინარაძემ ასევე ისაუბრა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული მოსაზრების თაობაზე. მდინარაძის თქმით, კომისიას არათუ ახლა დაგეგმილი კონსტიტუციური ცვლილებები არ მოსწონს, არამედ ისინი ითხოვენ კონსტიტუციაში 2017 წელს გაკეთებული ჩანაწერის ამოღებას, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციაში ქორწინება განისაზღვრება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.
მდინარაძის შეფასებით, ვენეციის კომისიის ბოლოდროინდელი ყველა რეკომენდაცია მიუღებელია საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლებისთვის.
„მეორე შემთხვევაში, როდესაც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზეა საუბარი, ვენეციის კომისია პირდაპირ გვეუბნება, რომ არათუ ის არ მოსწონთ, რასაც ახლა შევიტანთ ჩვენ კანონების ცვლილებების, ნორმების ცვლილებების სახით და კონსტიტუციაში რა ცვლილებებსაც ვგეგმავთ, არამედ რაც არის, ისიც ამოშალეთო. ანუ, ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეთო. 2017 წელს რაც ჩავწერეთ, რასაც საქართველოს მოსახლეობის და ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მიესალმა და არ არის სადავო საკითხი, ხომ ხედავთ, ვერ ბედავენ ამაზე ხმის ამოღებას და ახლა ჩვენ გარედან ვიხილავთ დარტყმებს ამ თემებზე. პირველი დარტყმა ვენეციის კომისიისგან წამოვიდა. კონსტიტუციაში 2017 წლის ჩანაწერზეც კი გვეუბნებიან, ამოვიღოთო, რადგან თურმე უნდა დავაკანონოთ ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ამიტომ ვენეციის კომისიის ბოლოდროინდელი ყველა რეკომენდაცია აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოსთვის, მისი ხელისუფლებისა და ქართული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.