მამუკა მდინარაძე - კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის ერთადერთი მიზეზი ვალდებულებების შეუსრულებლობა იყო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ მთავრობის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის ერთადერთი მიზეზი კონსორციუმის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა იყო.
მისი თქმით, ყველა სხვა მიზეზზე საუბარი სპეკულაციურია.
„ფაქტები სხვაგვარი მსჯელობის საშუალებას არ იძლევა. სახელმწიფომ დახარჯა რამდენიმე ათეული მილიონი. მიუხედავად ამისა, მამუკა ხაზარაძემ ვერ, თუ არ შეძლო იმ ვალდებულებების შესრულება, რაც იკისრა, როდესაც ტენდერში გაიმარჯვა. პრაქტიკულად, ოთხი წლით უკან დახია ქვეყანა ამ პროექტთან დაკავშირებით. პროექტთან დაკავშირებით, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ მის შესახებ 2017 წელს კონსტიტუციაში ჩავწერეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს მთავრობამ გუშინ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყვიტა.